“არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი”, – ეს სიტყვები საქართველოს ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს ეკუთვნის. იდეალისტი ქალის სტატუსმა გუშინ კიდევ ერთხელ გააოცა საქართველო. ამ სიტყვებით სანდრა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების დღეს, უკრაინელი დეპუტატის ლიზა იასკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ლიზასთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო.
- ყველაზე პოპულარული პირველი ლედი
სანდრა ელისაბედ რულოვსი 1968 წლის დეკემბერს ჰოლანდიის ქალაქ ტერნეზენში დაიბადა. კათოლიკურ ოჯახში გატარებული ბავშვობის პარალელურად სწავლობდა უცხო ენებს და ოცნებობდა რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში ჰუმანიტარული მისიით გამგზავრებულიყო.
25 წლის ასაკში სტრასბურგში, უნივერსიტეტის კაფეტერიაში ქართველი სტუდენტი მიხეილ სააკაშვილი გაიცნო და ამ დღის შემდეგ მათი გზები სამუდამოდ გადაიკვეთა.
ცხოვრება შტატებში გააგრძელეს და საქართველოში უამრავი გეგმით, უკვე დაოჯახებულები დაბრუნდნენ. პირველი, რაც ქართველების რძალმა გააკეთა, მეუღლის მშობლიური ენა ისწავლა.
“ქალბატონო სანდრა, ჩვენო ქართველო – ჰოლანდიელო, თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს პირველი ლედის სახელი…” – რას წერს მედეა ვასაძე სანდრა რულოვსზე?
თუმცა, საქართველოში პირველად როგორც მიხეილ სააკაშვილის მეუღლე არ ჩამოსულა.
პირველად 1992 წელს იმოგზაურა, მოსკოვიდან მატარებელს გამოჰყვა და სოხუმში ჩამოვიდა. იმჟამად ფლამანდიელ ძმებს თარჯიმნობას უწევდა, რომლებმაც საქართველოში ჰოლანდიური ბოსტნეულის თესლი ჩამოიტანეს და სოხუმიდან პირდაპირ ქუთაისში ჩამოვიდნენ. ათი დღე გაატარეს ქუთაისში და ჰოლანდიაში დაბრუნდნენ.
პირველი ლედის სტატუსი 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. “ვარდების რევოლუციით“ მოსულ ხელისუფლებაზე ხალხი დიდ იმედებს ამყარებდა და საზოგადოებამ ძალიან თბილად მიიღო ქართულ ენაზე მოსაუბრე ჰოლანდიელი რძალი, იმჟამად წყვილს პირველი შვილი – ედუარდი უკვე ჰყავდა.
წლების გასვლასთან ერთად, იკლებდა მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი, ვარდებით მოსული ხელისუფლება ხშირად ეხვეოდა სკანდალში. ქვეყანაში იმართებოდა მიტინგები, რომლებიც თვეებიც კი გრძელდებოდა, მაგრამ სანდრა რულოვსი ყოველთვის რჩებოდა იმ პირველ ქალბატონად, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს უყვარდა, დანარჩენს კი ნაკლებად აღიზიანებდა.
“არასდროს მარტო არ ხარ, ყველა ნაბიჯი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. ცუდი პრესა, დისკრედიტაცია. ხან თმა არ გაქვს დავარცხნილი, არ ხარ ფორმაში, ნამტირალევი ხარ, მაგრამ მაინც უნდა გახვიდე ხალხში, რადგან შენ ხარ სიმბოლო, რეპრეზენტაბელური ფუნქცია გაქვს“, – იხსენებდა ის წლების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანთან გულახდილ ინტერვიუში.
სანდრა რულოვსი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა ყოველთვის ახლდა მეუღლეს ოფიციალურ მიღებებზე, რის შემდეგაც მედია მისი ჩაცმის სტილის გამო კრიტიკას არ იშურებდა ხოლმე.
თუმცა მისთვის ალბათ ყველაზე მტკივნეული ჭორი იყო, როდესაც ბოროტი ხმები ალაპარაკდნენ, რომ ის ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესში იყო ჩართული. მართალია, ამ შემზარავი ჭორის ხალხის დიდ ნაწილს არ სჯეროდა, მაგრამ სააკაშვილის მმართველობის წლებში ამაზე ადამიანები ოპოზიციურ ტელევიზიებშიც ლაპარაკობდნენ, პერიოდულად წერდა ულტრარადიკალური და ყვითელი მედია.
ამის თაობაზე სანდრა რულოვსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: “ორგანოებით ვაჭრობაზე იყო საუბარი… ხალხი დღემდე მეკითხება, რატომ არ შეგაქვს საჩივარი სასამართლოშიო, რაში დავკარგო დრო, ხუთი ექვსი დღე, რომ ქართული მედიით დავამტკიცო სიმართლე? – ვიღაცებს დღემდე სჯერათ და ეს მაწუხებს ძალიან, სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია”.
მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ აქტიურად ჭორაობდნენ ქალებზე, რომლებიც პრეზიდენტის გარემოცვაში ხშირად ჩანდნენ. დრო და დრო ასევე ვრცელდებოდა ჭორი, რომ მიხეილ სააკაშვილი და სანდრა დაშორდნენ. პრეზიდენტობის ბოლო წლებში რამდენიმე ცნობილ ქალზე მედიაც კი ღიად წერდა, თუმცა სანდრა რულოვსი ყოველთვის ჩუმად იყო… 2016 წლის ინტერვიუში კი განაცხადა:
“მიშას ასეთი მტერი ჰყავდა რუსეთის სახით. მისი პოლიტიკის გამო, რუსეთთან მიმართებაში, ყოველთვის ემუქრებოდნენ. ერთი ტყვია უნდა, უბედურება მოხდეს ან ჩაიში წამალი… ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი, რომ დაძაბულად ცხოვრობს და დიდ რისკებზე მიდის ჩემი ქმარი და არ შეიძლება დავუწყო იმაზე საუბარი, რომ საღამოს ჩემთან უნდა მოხვიდე, სად იძინებ, სად დადიხარ, ჩემ თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევდი. პრეზიდენტობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე თამაშია, ეპატიება – ასეთი განწყობა მქონდა ყოველთვის”.
მუდმივად ჩანდა, რომ ის არა მხოლოდ თანამოაზრე იყო მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველგან, ყველა ბრძოლისას და კრიზისისას მის გვერდით იდგა. ასე იყო არა მხოლოდ საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობისას, არამედ უკრაინაში პოროშენკოს პრეზიდენტობისას შექმნილი ურთულესი ვითარებისას, როდესაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმეს და ქვეყნიდან გააძევეს.
- სანდრა რულოვსი და ონკოლოგია
2009 წელს სანდრა რულოვსის ძალისხმევით საქართველოში კიბოს სკრინინგცენტრები გაიხსნა, რომელიც დღემდე საშუალებას აძლევს ქალებს, რამდენიმე სახის კიბოზე ანალიზები უფასოდ ჩაიტარონ. სამწუხაროდ, მალევე ცნობილი გახდა, რომ ეს პრობლემა იმჟამინდელ პირველ ლედის პირადად შეეხო.
“2011 წლის თებერვალში სკრინინგზე რომ მივედი, მამოგრაფია გადამიღეს, ასისტენტმა მითხრა, დეზოდორანტი ხომ არ გამოგიყენებია ამ დილას, რაღაც არ მომწონსო. მერე თქვა, რომ ონკოლოგთან ერთად შევხედოთო, პატარა წერტილები იყო ერთ ადგილზე მარჯვენა მხარეს. მითხრეს, ევროპაში მაინც გადაამოწმეო. უცხოურ კლინიკაში, სადაც შემდეგ მივედი ექიმი ქართველი იყო, ვთხოვე ყველაფერი კონფიდენციალური ყოფილიყო. გასინჯვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მქონდა ნულოვანი სტადია, მაგრამ ძუძუს მოკვეთა მირჩიეს, რადგან წინასწარ არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა პროცესები.
მაშინ დედამ მითხრა, შენ რატომ დაგემართა და მე არაო. ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი. ამიხსნეს, რომ მკერდის მოკვეთის შემდეგ შესაძლებელი იყო პროთეზის გაკეთება. ეს ზუსტად ის ზაფხული იყო, სტინგი რომ ჩამოვიდა საქართველოში. კონცერტი საქველმოქმედო იყო და მაშინ ვთქვი, რომ ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს პრობლემების მქონე ქალებს დავხმარებოდით.
ოპერაცია ამერიკაში გავიკეთე, მამშვიდებდნენ, მპირდებოდნენ რეკონსტრუქცია ჩამიტარდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებდა ეს თავდაჯერებულობაზე. ძალიან ძნელი იყო თავიდან, ნელ-ნელა შევეჩვიე და გადავლახე. მე მგონია, რომ ამ ამბავმა უფრო გამაძლიერა. ძუძუ რომ უნდა მოიკვეთო, ეს არის ბომბი ქალის ცხოვრებაში, ვფიქრობდი, 5 წელიწადში მოვკვდები, როგორ იქნება ნიკოლოზი, ედუარდი, რას იზამს ჩემი ოჯახი.
2012 წლის 19 სექტემბერს კიბოთი დაავადებული ქალებისთვის საქველმოქმედო ველოტური უნდა გამართულიყო გურიაში. წინა საღამოს ციხის ცნობილი კადრები გავრცელდა. იმ ღამეს არ მეძინა, მაგრამ დილას უნდა ვყოფილიყავი საქველმოქმედო ველოტურზე. ვფიქრობდი, რა დროს ველოსიპედზე დაჯდომაა დღეს, მაგრამ ამ ქალებს ვერ დავტოვებდი. მახსოვს, ღონისძიებაზე ერთ-ერთი ტელევიზია მე და ნიკოლოზს დაგვდევდა, კადრები უნდოდათ, რომ ამ დროს გასართობად დავდიოდით. 60 კილომეტრზე მეტი ვერ გავიარე და ისევ ბათუმში დავბრუნდი. ეს იყო ურთულესი პერიოდი”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში 2016 წელს.
საქართველოში ცხოვრებისას, სანდრა რულოვსმა ისწავლა მეგრულიც. ყოველთვის აშკარად ჩანდა, რომ განსაკუთრებული სიყვარული აქვს სამეგრელოს მიმართ. როდესაც ყოფილმა პირველმა ლედიმ 2016 წელს პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად იყარა კენჭი. მაშინ სანდრა რულოვსი ქართული ოცნების წარმომადგენელ გეგა შენგელიასთან ერთად მეორე ტურში გავიდა, მაგრამ მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი თქვა.
სანდრამ საქართველოში ცხოვრებისას ისწავლა საექთნო საქმიანობა და წლების განმავლობაში, სხვადასხვა კლინიკებში პრაქტიკას გადიოდა. ხშირად ვრცელდებოდა ისტორიები, როგორ ოცდებოდნენ პაციენტები, როდესაც მორიგე ექთნის ამპლუაში პირველი ლედი შედიოდა მათთან.
ის სწავლას ყველა ასაკში აგრძელებს და ამჯერად მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს და მეორე კურსზეა.
როგორ გაგრძელდება სანდრა რულოვსის ცხოვრება საქართველოში მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახის შექმნა ისე დააანონსა, რომ ამის შესახებ ყოფილმა პირველ
მა ლედიმ ბევრი არაფერი იცოდა…
2005 წელს სანდრა ელისაბედ რულოვსის ბიოგრაფიული წიგნი “იდეალისტის ნაამბობი” გამოიცა, რომლის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:
“ახლა, როდესაც გასული ათი-თორმეტი მშფოთვარე წლის აღწერა დავაპირე, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სადღაც შუალედურ სადგურზე ჩამოვედი და დროებით მოგზაურობა შევწყვიტე, რათა ყველაფერს თავი მოვუყარო, დავახარისხო, გეზი მივცე…”