როგორც არავინ ელოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, ისე ტყუილად ელიან, რომ სააკაშვილი შეიძლება გათავისუფლდეს – – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„როგორც არავინ ელოდა, რომ სააკაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, ისე ტყუილად ელიან, რომ სააკაშვილი შეიძლება გათავისუფლდეს. მას ორ საქმეზე განაჩენი აქვს გამოტანილი, ორ საქმეზე კიდევ მიდის გამოძიება. ერთ საქმეზე სავარაუდოდ დაიწყება გამოძიება, შეიძლება დაწყებულიც არის, მე არ ვიცი – საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ. უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით იქაც დაწყებულია გამოძიება, როგორ დატოვა თავისი ქვეყანა. ასე რომ, შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი საქმე იყოს, სადაც შეიძლება მისი ბრალეულობა გამოიკვეთოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავი №12 ციხეში შეასახლეს. ის უკვე მე-12 დღეა შიმშილობს.