ბენზინის გლობალური საშუალო საცალო ფასი გასული 20 წლის განმავლობაში გაორმაგდა. ეს არის მსოფლიო ტენდენცია, რომელსაც რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს და ამ გარდაუვალ რეალობას გვერდი ვერ აუარა ბენზინის ფასმა საქართველოში. ქვეყანაში სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე ეტაპობრივად მოიმატა ფასმა. მხოლოდ პირველი ოქტომბრიდან დღემდე ფასი საშუალოდ გაზრდილია საშუალოდ 10-15 თეთრით/ლიტრზე, რაც ფასის 3-4%-ს შეადგენს. ზოგადად, ეკონომისტები მიზეზებს შორის ასახელებენ ოპეკი+-ის შეზღუდვას ნავთობის მოპოვების მოცულობაზე, ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების ზრდას, აქციზის საფასურსა და ლარის გაცვლით კურსს.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ფასის თვალშისაცემი ზრდა უმეტესად პირველი ორი მიზეზითაა განპირობებული. S&P Global Platts არის პლატფორმა, რომელიც ბაზარზე ენერგოპროდუქტების, მათ შორის, საწვავის ფასის რეპორტინგს ახდენს. მისი საშუალებით, საწვავის ფასი ბაზარზე არის გამჭვირვალე. Platts მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ დარწმუნდეს, რამდენად სამართლიან და ობიექტურ ფასად სთავაზობენ მომხმარებელს საწვავს ნავთობიმპორტიორი კომპანიები. მაგალითად, Platts-ის ბენზინის ფასი 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე გაზრდილია 822,25 დოლარამდე, რაც 18%-იანი ზრდაა 01 სექტემბერთან შედარებით.
წლის განმავლობაში ბენზინის ფასის ზრდის დინამიკას „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მიერ მოწოდებული Platts-ის სტატისტიკური მონაცემებიდან გაეცნობით.
როგორც მონაცემებიდან ჩანს, მიმდინარე წელს ბენზინზე Platts-ის საერთაშორისო ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. რაც ლოგიკურად თითოეული ქვეყნის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა საცალო ფასებზე აისახება.
გარდა აღნიშნულისა, ფასის ზრდას იწვევს ოპეკის+-ის საქმიანობის სტრატეგია. ამ სტრატეგიიდან გამომდინარე დღეს მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსია. წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდების მიუხედავად, ოპეკის+ არ ცვლის შეზღუდვას და ნავთობის მოპოვების ლიმიტს დღე-ღამეში მხოლოდ 400 000 ბარელით ზრდის. ეს ზრდა კი არასაკმარისია. მოხმარების ზრდას ხელს უწყობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის გახსნაც. წარმოქმნილი დისბალანსი კი თავის მხრივ აძვირებს საწვავს. მეტიც, ოპეკი +-ის პროგნოზით, 2022 წელს საწვავზე მოთხოვნა დღე-ღამეში 100.6 მლნ ბარელს მიაღწევს, რაც 500 000 ბარელით მეტი იქნება 2019 წლის, პანდემიამდელ მაჩვენებელზე.
საქართველოში მაღალია საწვავზე აქციზის საფასურიც, რაც საწვავის ფასწარმოქმნაზე გავლენად ახდენს. ქვეყანაში გაზრდილი აქციზის გადასახადი 2017 წლიდან მოქმედებს. იმ დროიდან ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე.
საწვავის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა იმპორტირებული პროდუქტის ფასწარმოქმნაზე ყოველთვის აისახება ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებაც.