ქალაქ ოზურგეთში იოსებ იმედაშვილის ქუცას გენო ჩხაიძის სახელი მიენიჭება.
ამის შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.
როგორც საკიტხის თანამომხსენებელმა ლავრენტი ბიგვავამ “გურიის მოამბეს” უთხრა, ინიციატივა საქართველოს მეცნიერებატა აკადემიას და ანასეულის (სადაც ეს ქუჩა მდებარეობს) მოსახლეობას ეკუთვნის:
ქუჩა მდებარეობს ანასეულში – ანასეულის შესასვლელიდან მარჯვნივ, ანასეულის ჩაის ფაბრიკისა და ანასეულის ტელეანძის გავლით უერთდება წმინდა გიორგის ქუჩას (ექადია).
აწ გარდაცვლილი გენო ჩხაიძე – იყო პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის კათედრის გამგე. დაბადებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში.
მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ანასეულში” უთხრა ბიგვავამ “გურიის მოამბეს”.
იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი (დ. 20 აპრილი, 1876, ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 5 მაისი, 1952, თბილისი) — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.
ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწალებელში. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან რსდმპ-ია წევრი იყო. 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905-1906 წლებში ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე. წ. „გარეკახეთის ერთობის“, რევოლუციურ მოძრაობას. 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 წელს რევოლუციურ-პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლის კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. 1918 წელს მოხალისედ მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში.
იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო 1895 წლიდან. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული — „ცხოვრების სარკე“ (1899, 1901). 1902 წელს გამოსცა მაქსიმ გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. 1903 წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი „აახ-ვაახ“, ლექსთა რამდენიმე წიგნაკი („სიყვარულის ძალა“, 1904; „პროლეტარიატის ჰიმნი“, 1905; „წითელი დროშა“, 1904) და სხვა. 1904 წელს გამოსცა პირველი „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (II, III გამოც. 1918, 1928). რედაქტორობდა ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“, გაზეთებს „ხალხის ერთობა“, შემდეგ „ხალხის თავისუფლება“. ავტორია რომანებისა „განახლებული სიცოცხლე“ (1919–1921) და „ციბრუტი“ (1940). 1920-იან წლებში ცალკე წიგნებად გამოიცა იმედაშვილის პიესები („ნამუსიანი ხალხი“, „ალების ცეკვა“, „მზე ჩაწსვება“ და სხვა) და პოემები („მზეთა-მზე“, „მშვენიერა“). მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები „იოსებ ლაღიაშვილი“ (1920), „უკანასკნელი დედოფალი“ (1929). ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილისა და ივანე როსტომაშვილზე. ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან. შეადგინა „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“ (ძვ. წ. IV — ახ. წ. XX სს., გამოქვეყნება დაიწყო მხოლოდ 2019 წელს).
მეუღლესთან, ანა ჟურულთან (მსახიობი, საზოგადო მოღვაწე; დ. 1884 — გ. 1927) ერთად იოსებ იმედაშვილი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
სურათზე იოსებ იმედაშვილი.