ეს თამაში მიმდინარეობს შემდეგ ნაირად: მონაწილეები იყოფიან ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებულ ორ გუნდად, დაყოფა ხდება საცხოვრებელი ადგილის ან რაიონის მიხედვით, ასევე შეიძლება დაიყონ ცოლიანებად და უცოლოებად თუ კი მათი რაოდენობა ტოლია ან თუ სხვაობა უმნიშვნელოა, ასე რომ გუნდების შემადგენლობის რიცხვი და ძალები დაახლოებით ერთმანეთს თანაბარია. ხშირად როცა ეს თამაში იმართება დიდ დღესასწაულზე მასში მონაწილებას იღებს რამდენიმე ეკლესიის გაერთიანებული მრევლი და ამ დროს თამაში სერიოზულ ხასიათს იძენს.
როცა მონაწილეები გაიყოფიან გუნდებად, შემდეგ მონიშნავენ ადგილებს, რომელსაც ისევე როგორც თამაშ „ჭაკუნობიაში“ „ლელოს“ ეძახიან. იმ შეთხვევაში თუ კი მოთამაშეთა რაოდენობა ბევრია „ლელოებს“ შორის დაშორება ½ ვერსტია, ერთ ადგილი მიეკუთვნება ერთ გუნდს, მეორე კი მეორე გუნდს. ამის შემდეგ ყველა მოთამაშე შეიკრიბება ერთად, ისე რომ მათ ლელოებს შორის მანძილი შეკრების ადგილიდან თანაბარი დაშორებით იყოს. შემდგ ტყავისაგან შეკრელი ბურთს (რომელიც ხშირ შემთხვევაში კაცის თავის ოდენაა) ვინმე მაღლა ააგდებს და თამაში დაწყებულია.
გუნდი, რომელიც ბურთს ხელში ჩაიგდებს ცდილობს არ დაუთმოს იგი მეორე გუნდს და მიაქვს იგი თავისი ლელოს მიმართულებით. ხოლო მეორე გუნდი მთელი ძალით ცდილობს ხელში ჩაიგდოს ბურთი და წაიღოს იგი თავისი ლელოსკენ. ყველა მოთამაშე ცდილობს არამარტო იმას, რომ ხელში ჩაიგდოს ბურთი არამედ იმასაც, რომ ბურთი მის მომხრეს ჰქონდეს. ამიტომ ყველა მოთამაშე ცდილობს მივიდეს იმ ადგილამდე სადაც ბურთია.
ხშირად მოთამაშეები ისე გატაცებით ცდილობენ ბურთის ხელში ჩაგდებას, რომ ზედახორას აწყობენ, ისე რომ ერთმანეთზე დაყრილი მოთამაშეებისაგან რამდენიმე იარუსი იქმნება, რომლის ქვემოთ დგას ან წევს უბედური მფლობელი „საგანძურისა“, რომელიც ვეღარც კი სუნთქავს თავზე დაყრილი ხალხის მასის გამო, ამ მასიდან ერთნი ცდილობენ ეს უბდური ბურთთან ერთად ან მხოლოდ ბურთი გაანთავისუფლონ თავდამსხმელებისაგან, ხოლო მეორენი ცდილობენ ხელი შეუშალონ პირველებს ყველაფერ ამაში და თავად სურთ ბურთი ხელში ჩაიგდონ. თუ ბურთის მფლობელი ბურთთან ერთად ვერ ახერხებს ამ ჯოჯოხეთიდან განთავისუფლებას, იგი ცდილობს ბურთი გადასცეს მის რომელიმე მომხრეს, რომელიც თავის მხრივ ბურთს გადასცემს სხვა თანაგუნდელს და ასე შემდეგ სანამ ბურთი ხელში არ ჩაუვარდება ისეთ ვინმეს, რომელსაც აქვს საშუალება ბურთთან ერთად გაიქცეს თავისი ლელოს მიმართულებით. თუ მორბენალს აქილევსის ფეხების სისწრაფე აქვს გამარჯვებაც მისი გუნდის მხარესაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეწევიან და თუ ის ვერ მოასწრებს ბურთის გადაცემას თანაგუნდელისათვის ისევ მოეწყობა ზედახორა. თუმცა მისი მხრიდან ისიც დიდი დამსახურებაა თუ კი ბურთს მიუახლოვებს თავის ლელოს.
რამდენიმე ასეული ადამიანის ასეთი მოძრაობა მოგაგონებთ უამრავი ფუტკრისაგან შემდგარი ჯგუფს, რომელიც დიდი ხმაურითა და ზუზუნით გადაადგილდება ისე, რომ ბურთი თითქოსდა „დედოფალს“ ან „დედაფუტკარს“ უნდა გასცეს.
თამაში გრძელდება მანამდე სანამ რომელიმე გუნდი არ დაძლევს მოწინააღმდეგეს და ბურთს არ მიიტანს თავის ლელომდე. აქ უკვე თამაში მთავრდება გამარჯვებულების დიდი ხმაურითა და მხიარულებით, ასევე დასცინიან დამარცხებულებულებს.
იმ შემთხვევაში თუ ლელოებს შორის მანძილი და მოთამაშეების რაოდენობა დიდია, თამაში რამდენიმე საათს დაღამებამდე გრძლედება.
ამ თამაშში ძალიან ხშირად იყენებენ სხვადასხვა სახის ოინებს, ასე მაგალითად: თუ რომელიმე გუნდი მოახერხებს ბურთის დამალვას, მას გადასცემენ რომელიმე თანაგუნდელს, რომელსაც მალულად აძლევენ მოწინააღმდეგისაგან გასხლტომის საშუალებას და თუ კი ის მიიტანს ბურთს ლელომდე გამარჯვებაც მათია; იმ შემთხვევაში თუ კი თამაში მდინარის პირას მიმდინარეობს ის გუნდი, რომლის ლელოც მდინარის დინების მიმართულებითაა ბურთს წყალში გადააგდებს, რათა წყალმა ბურთი წაიღოს და მით გარკვეული მანძილი მოიგონ. მაგრამ მეორე მხარეც თავგანწირული ცვივდება მდინარეში ისე, რომ დაბალ წყალშიაც კი ზოგავენ მუცლებს და მდინარეში ეწყობა ბურთის დაუფლების მსურველთა ზედახორა, რომელიც ხშირად სამწუხარო შედეგით მთავრდება.
ამ თამაშში მონაწილებას იღებენ მამაკაცები და ბავშვები, თუმცა ბავშვები ცალკე თამაშობენ რადგანაც უფროსებთან ერთად თამაშში შესაძლებელია სერიოზული დაზიანებები მიიღონ ისეთ ზედახორაში, რომელიც ზემოთ აღვწერე.
თუ ეს თამაში წესიერად ჩატარდება იგი ძალიან სასარგებლოა, რადგანაც იგი მონაწილეებს საშუალებას აძლევს გამოიჩინონ ფიზიკური ძალა, მოხერხებულობა და სისწრაფე, ასევე ზოგ შემთხვევაში საზრიანობაც კი.
მომზადებულია კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებულის (1893 წელი) მიხედვით – ავტორი ტ. მამალაძე
ფოტოზე – ლელოს სათამაშო ბურთი გურიიდან. გარსშემოწერილობა 60 სანტიმეტრი. დამზადებულია გურიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში. სამუზეუმო ექსპონატის შენახვის ადგილი: “Российский этнографический музей”
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.