“ეს იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი…ფარდა აეხდება ბრალდებებს”– ადვოკატი

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი მივა – ამის შესახებ ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა და პენიტენციურს მოუწოდა, ედუარდ სააკაშვილს მამის მოსანახულებლად ხელოვნური ბარიერები არ შეექმნას,

წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს მკაცრი რეაგირება ექნება და პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.

თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, ღვიძლში ფერმენტები აქვს მომატებული, თუმცა ამის მიუხედავად, ის მზად არის ხვალინდელ პროცესზე წარსდგეს.

“დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. პრეზიდენტი ბედნიერია, რომ არის საქართველოს ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გულნატკენია იმის გამო, რომ ეს ჯარისკაცები საქართველოს ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფებიდან არიან, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი ხელის ბიჭების ხელმძღვანელობით, გულანთებული პატრიოტები, რომელთა რესურსის დახარჯვაც შეიძლება საქართველოსთვის უკეთეს ადგილზე და უფრო მნიშვნელოვანი ინტერესებისთვის. ისინი აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებული, თუმცა პრეზიდენტი მათ მიმართაც ძალიან დიდ სიყვარულს და მადლიერებას გამოხატავს.

ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ.

ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას“, – განაცხადა თუთბერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვაა. სხდომის პარალელურად, ენმ-მ საქალაქოსთან უკვე დააანონსა შეკრება და საპროტესტო აქცია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share