“ნოდარ მელაძის შაბათში” მოვისმინეთ პირველი ინტერვიუ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილთან, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს ციხის კარი ვადაზე ადრე გაუღო, ახლა კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასამართლებს.
მოსამართლე ამბობს, რომ წლების წინ მიღებულ გადაწყვეტილებას დღესაც არ ნანობს.
„როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება? არც ერთ შემთხვევაში… დღესაც რომ შემოსულიყო ეს საქმე, ჩამეხედა კანონმდებლობაში და როცა მუშაობს რამდენიმე კრიტერიუმი და ყველა კრიტერიუმი მსჯავრდებულს დაკმაყოფილებული აქვს, როგორ შეიძლება მოსამართლემ მას უთხრას უარი?! რა უნდა ჩაწეროს გადაწყევტილებაში – არ მინდა და არ გიშვებო? მოსამართლემ მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით უნდა იხელმძღვანელობს”- თქვა კოჭლამაზაშვილმა.
მოსამართლე აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულები ნომერ მე-10 ციხიდან მისი პირადი გადაწყვეტილებით გამოვიდნენ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მსჯავრდებულებს სასჯელი მხოლოდ გაუნახევრა.
”ერთი ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რაც მე იმ საქმის მასალებიდან ვიცი, რომ 2008 წლის განკარგულებით, პრეზიდენტს ნამდვილად განახევრებული ჰქონდა მათთვის სასჯელი და არა გათავისუფლება. ბუნებრივია, მას რომ გაეთავისუფლებინა, ისინი შემდგომ პირობით ვადაზე გათავიუფლებას არ დაექვემდებარებოდნენ”- აღნიშნავს მოსამართლე.
სასჯელის განახევრების საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ახლა მსჯავრდებულია. ყოფილ პრეზიდენტს ექვსი წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული. კოჭლამაზაშვილი კი ისევ მოსამართლეა და ექვსი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს საქმეზე პრეზიდენტს ასამართლებს.
მოსამართლეს ახლაც კარგად ახსოვს, 2009 წლის ხუთი სექტემბერი, ის დღე, როცა პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა დააწერეს.
”ვიყავი მორიგე სასამართლოში. ეს იყო შაბათი ან კვირა დღე. შემოვიდა სასჯელაშრების დეპარტამენტის წარდგინება, გარკვეული მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მაშინ სასამართლო წყვეტდდა ამ საკითხს. 22 ან 24 ადამიანი იყო სიაში, სათითაოდ გაეცანით რასაკვირველია”– აცხადებს მოსამართლე.
მისი თქმით, წლების მიმატებასა და გამოკლებასაც დიდი დრო დაუთმო, მაგრამ სახელებისა და გვარებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. არ ჩაძიებულა საქმეს რის გამოც გერონტი ალანია და ალექსანდრე ღაჭავა სასჯელს იხდიდნენ.
”ისიც მახსოვს, რომ მათი ვადების დათვლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე, რადგან ყველა სათითაოდ უნდა დამეთვალა, ბუნებრივია, დათვლილი მათაც ექნებოდათ და ისე არავინ შემოიტანდა, რომ იქ რამე ვადები დარღვეული ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემ წილად ხომ უნდა გადამემოწმებინა. ამიტომ ყველა სათითაოდ რომ დავთვალე, მერე ჩავედი პროცესზე.
მათი სახელი არ მეცნო და რატომ? – იმიტომ რომ როცა ამ მსჯავრდებულების მიმართ განაჩენი გამოვიდა, პირველ ინსტანციაში კი არა აპელაციაშიც კი იმ პერიოდში მე მოსამართლე საერთოდ არ ვიყავი. ჩვენ ვიცოდით საქმე, რომელიც გახმაურებული იყო და არა მსჯავრდებულები”- აცხადებს ბადრი კოჭლამაზაშვილი.
მოსამართლე ზეწოლაზე არ საუბრობს. არ ამბობს მოსთხოვა თუ არა ვინმემ გირგვლიანის საქმის გამო გასამართლებულები ციხიდან ვადაზე ადრე გამოეშვა.
”ზეპირი მოსმენით იქნა განხილული ეს წარდგინებები ყველა. დარბაზში მე და ჩემი მდივანი უნდა ყოფილიყავით. მსჯავრდებული და მათი წარმომადგენელი. რომელიც წარდგინებას უჭერდა მხარს. გერონტი ალანის სხდომა ცალკე ჩატარდა. მეორე მსჯავრდებულის გვარი ახლაც არ მახსოვს”- ამბობს მოსამართლე.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გერონტი ალანაიას და ამავე დეპარტამენტის ოპერატიულ თანამშრომელს ალექსანდრე ღაჭავას გამოძიება სანდრო გირგვლიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა.
ტვ პირველი