”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაბალი საარჩევნო ბარიერი ხელსაყრელი იქნება არა “პატარა პარტიებისთვის”, არამედ ისევ ნაციონალური მოძრაობისთვის. პირველი არხის ეთერში, კობახიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსია კოალიციური მთავრობის შექმნა “პატარა პარტიებთან”.
“ნაცმოძრაობა ცდილობს, რომ მთავარი ბენეფიციარი ამ დაბალი ბარიერის, იქნება თვითონ ეს პარტია. არა იმიტომ, რომ მას არ უჭირს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა. არამედ იმის გამო, რომ ერთადერთი შანსი, როდესაც ნაცმოძრაობას ეძლევა ხელისუფლებაში მობრუნების საშუალება, არის დაბალი ბარიერის პირობებში. მა არასდროს შეეძლება, რომ მოიგოს არჩევნები. გამორიცხულია ნაცმოძრაობამ არჩევნები მოგვიგოს. ჩვენ გვექნება მეტი შედეგი 2024-შიც და 2028-შიც. ნაცმოძრაობა ჩვენ ვერ გვაჯობებს […] ერთადერთი თეორიული შანსი, რომ ისინი მობრუნდნენ ხელისუფლებაში არის, რომ დაბალი იყოს ბარიერი, ნაცმოძრაობასთან ერთად ბარიერი გადალახონ მისმა პოტენციურმა სატელიტებმა, როგორიცაა ლელო, საქართველოსთვის, ევროპული საქართველო და ა.შ. და მათთან ერთად შექმნას კოალიცია.
პარლამენტში შეწყვეტილია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომელიც საარჩევნო რეფორმას ითვალისწინებს.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1-ლ დეკემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო კანონპროექტის დამტკიცება “სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული”
მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემით უნდა ჩატარდეს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, 120+30 სისტემით და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.
ეს პირობა შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტმა შეცვალა, რომლის მიხედვითაც, ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე.
თუმცა, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა მეორე მოსმენისთვის ბარიერის 3%-მდე გაზრდის შესახებ ისაუბრა.