აღმოჩენილია ივანიშვილის 12 ოფშორული კომპანია – დირექტორებმა “ოცნებას” ჯამში 2 972 572 ლარი შესწირეს

ბიძინა ივანიშვილის გავლენა ქვეყნის მთავრობასა და საჯარო დაწესებულებებზე უნდა შეფასდეს როგორც სახელმწიფოს მიტაცება – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ანგარიშს აქვეყნებს. საქმე კომპანიების ანონიმურ მფლობელობას ეხება, რომელიც TI-ის ინფორმაციით, ქვეყანაში მაღლი დონის კორუფციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

Ti საჯარო და ბიზნესის ინტერესების არაჯანსაღ გადაკვეთაზე საუბრობს და თალსაჩინოებისთვის მაგალითად ბიძინა ივანიშვილი მოჰყავს.

საქართველოს რეალობაში ასევე სერიოზული პრობლემაა ბიზნესისა და საჯარო ინტერესის არაჯანსაღი გადაკვეთა, რაც ფარულ ბიზნესგარიგებებში გამოიხატება და მაღალი დონის კორუფციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამის მთავარი მაგალითი ბიძინა ივანიშვილია, რომლის გავლენა ქვეყნის მთავრობასა და საჯარო დაწესებულებების უმეტესობაზე, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, უნდა შეფასდეს როგორც სახელმწიფოს მიტაცება – მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები არა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინაშე არიან ანგარიშვალდებული, არამედ გარეშე პირების კერძო ინტერესების სამსახურში დგანან.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მსგავსად, ბიძინა ივანიშვილიც ოფშორული კომპანიების ქსელის სახით აქტიურად იყენებს ანონიმურ მფლობელობას საკუთარი აქტივების სამართავად და ბიზნესინტერესების გასატარებლად. სხვადასხვა დროს გასაჯაროებული ფინანსური დოკუმენტებიდან ჩანს, რომ იგი სულ მცირე 20 ოფშორული კომპანიის ბენეფიციარი მფლობელია (იხილეთ ინტერაქციული სქემა). დღეის მდგომარეობით ამ 20 ოფშორული კომპანიიდან 12 მხოლოდ საქართველოში 26 კომპანიას ფლობს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა კომპანიებს ფლობენ. შედეგად, ბიძინა ივანიშვილის 12 ოფშორული კომპანია საქართველოში პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით 70 კომპანიას ფლობს.

საინტერესოა, რომ ამ 70 კომპანიის 31-მა დირექტორმა 2012-2021 წლებში “ქართულ ოცნებას” ჯამში 2,972,572 ლარი შესწირა. კვლევაში ნახსენები კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” თავის ანგარიშში ყურადღებას ასევე ანაკლიის პორტზეც ამახვილებს და ვარაუდობს, რომ ქვეყნისთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერება სწორედ ოლიგაქრის ინტერესებს ემსახურებოდა.

ისმის კითხვა: რა არის აქ პრობლემა? პრობლემა არის ის, რომ ანონიმური მფლობელობის პირობებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და გარიგებებმა შეიძლება ქვეყანას უდიდესი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზიანი მიაყენოს. მაგალითად, 2021 წელს გამოქვეყნებული პანდორას დოკუმენტებიდან დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადი ბიზნესინტერესი აქვს ფოთის პორტის განვითარებაში, რომელიც ანაკლიის პორტის კონკურენტია. თუ გავითვალისწინებთ იმ გავლენას, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობაზე აქვს და იმ ფაქტს, რომ ანაკლიის პროექტი მთავრობის ძალისხმევით გაჩერდა, ისმის ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ მოხდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტის გაჩერება კერძო პირის ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ინტერესები იყოს საჯარო და ღია, რათა თავიდან ავიცილოთ არაფორმალური გავლენები ხელისუფლებაზე და ცალკეულ საჯარო ინსტიტუციებზე, – წერს TI.

/tvpirveli.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share