თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლები გააკრიტიკა.
კალაძემ თქვა, რომ ზოგიერთი მედია მერიის ღონისძიებებს მიზანმიმართულად არ აშუქებს და მათ დაემუქრა, რომ თუ ასე გააგრძელებენ, “კონკრეტულ ზომებს მიიღებს”.
“ჩვენ კვირაში 3-4-ჯერ გვიწევს კომუნიკაცია მედიასთან. ვიკრიბებით სხვადასხვა ადგილზე, რომელიც არის მერიის მიერ დაორგანიზებული ღონისძიებები. ეს არის ის ყოველდღიური საქმიანობა, რასაც ვეწევით, შეიძლება გამგეობის პროგრამები იყოს, ინფრასტრუქტურული პროექტები იყოს. ვიწვევთ განურჩევლად ყველა მედიას.
არის კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებიც, სამწუხაროდ, არცერთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვართ შეკრებილი, არ ავრცელებენ. გიწვევთ და გეძახით იმისთვის, რომ გეძლევათ შესაძლებლობა, გააშუქოთ მუნიციპალიტეტის პროექტები. მიზანმიმართულად ხდება ამ ინფორმაციის არგავრცელება საინფორმაციოებში.
არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაცა წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს არა? მოდიხართ, იღებთ და არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, კომუნიკაბელური ვიყო, ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გიპასუხოთ შეკითხვებზე, მაგრამ, როდესაც არ ხდება იმ კონკრეტული ღონისძიების გაშუქება და საზოგადოებისთვის მიწოდება, მგონია, რომ ეს ძალიან ცუდია. თუ ეს ასე გაგრძელდება, მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს”, – თქვა კახა კალაძემ.