დანიაში, სადაც წაულების მოშენება დროებით აკრძალულია, ერთ-ერთ ფერმაში 126 ცხოველი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ინფორმაციას ადგილობრივი პორტალი DR ავრცელებს.
ცხოველები დასავლეთ იუტლანდიის შვიდ ფერმაში დაუანონსებელი სანიტარული შემოწმების დროს აღმოაჩინეს. ფერმის მეპატრონის შესახებ პოლიციას აცნობეს.
ცნობისათვის, 2020 წლის 29 დეკემბრიდან დანიამ წაულების მოშენება, კორონავირუსით ცხოველების მასიური დაინფიცირების შემდეგ აკრძალა. აკრძალვა ძალაშია 2023 წლამდე, ხოლო მანამადე არაუმეტეს ხუთი წაულას ყოლა არის ნებადართული.
ერთი წლის წინ დანიის მთავრობამ 15 მილიონზე მეტი წაულას განადგურების განკარგულება გამოსცა, რათა კოროვირუსის მუტაციური ვარიანტის უკონტროლო გავრცელება თავიდან აეცილებინა.
ამ გადაწყვეტილებამ ბეწვეულის ინდუსტრია თითქმის გაანადგურა. მას პოლიტიკური სკანდალიც მოჰყვა, რადგან, როგორც გაირკვა, ჯანმრთელი წაულების განადგურების სამართლებრივი საფუძველი მაშინ არ არსებობდა. გარდა ამისა, განადგურებული ცხოველების მასიურად დამარხვა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებად მიიჩნიეს, რამაც ეკოლოგების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. საბოლოოდ სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგა, ხოლო პარლამენტის დავალებით დაიწყო გამოძიება, იცოდნენ თუ არა მინისტრებმა და პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს. მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის სპეციალისტებისგან შემდგარმა კომისიამ გამოძიება აპრილში უნდა დაასრულოს.
ახლახან პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენმა თავისი გადაწყვეტილება ისევ გაამართლა და განაცხადა, რომ ამას დღემდე სწორად მიიჩნევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
bpn.ge