„ნაჩხუბი“-„ლანჩხუთი“ – „ჩოხატოული“-„ჩოხატაური“
*
ლანჩხუთლების მტკიცებით ამ დასახლებას „ნაჩხუბი“ ჰქვია და არა „ლანჩხუთი“, რაც ჩხუბს ან ნაჩხუბარს ნიშნავს. ასეთი დასახელების ახსნისათვის ადგილობრივი ყვებიან ძალიან ბევრ ამბავს, რომელთა მიხედვითაც ეს ადგილი იყო ძალიან ხშირად იყო ომისა და აჯანყებების საბრძოლო თეატრი.
ადგილობრივების გადმოცემით დიდი ხნის წინ ქვემო იმერეთი დაშლილი იყო მცირე სამფლობელოებად, რომელთაგან გურიასა და სამეგრელოს თავიანთი მეფეები ჰყავდათ, რომლებიც მუდმივად მტრობდნენ და ებრძოდნენ ერთმანეთს.
გურიის მეფისადმი განსაკუთრებით დიდი მტრობა და სიძულვილი ჰქონდა იმერეთის მეფეს, რომელსაც სამეგრელოს მეფესთან ერთად დიდი ხანია უნდოდა გურიის სამეფოს განადგურება. მათ შორის მტრობის მიზეზი კი შემდეგი გახლდათ:
ადრე ყველანი ქართლის მეფის მორჩლებაში იყვნენ, რომელსაც ყველა მათგანი წელიწადში ერთხელ მდიდრული საჩუქრებით უნდა ხლებოდნენ. თავდაპირველად მეფეები ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებას, შემდეგში კი მოილაპარაკეს, რომ აღარ გაეკეთებინათ მათი მეფური ღირსებისათვის შეუფერებელი და დამამცირებელი საჩუქარი ქართლის მეფისათვის და მისგან დამოუკიდებელი გამხდარიყვნენ.
გურიის მეფემ, რომელსაც სურდა სხვა მეფეებზე მეტი წყალობა მიეღო ქართლის მეფისაგან უღალატა დათქმულ პირობას და სხვებისაგან დაფარულად ეახლა მას ძვირფასი საჩუქრებით. ქართლის მეფემ მიიღო გურიის მეფის ძღვენი, სხვებზე კი განრისხდა. ამ დღიდან სამეგრელოს და იმერეთის მეფეები გურიის მეფის მოსისხლე მტრები გახდნენ და ელოდნენ შესაფერის დროს ანგარიშწორებისათვის. ეს დროც დადგა: მათ მიერ მოსყიდულმა ყაჩაღებმა გურიის მეფე ხელში ჩაიგდეს და მიჰგვარეს იმერეთისა და სამეგრელოს მეფეებს, რომლებმაც იგი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წელიწადნახევარი დაჰყო შემდეგ კი გაანთავისუფლეს.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მეფეები შერიგდნენ, თუმცა სამეგრელოსა და იმერეთის მეფეებზე შურისძიების ფიქრი გურიის მეფეს არ შეუწყვეტია და ელოდა ხელსაყრელ დროს, რომელიც დიდხანს არ დადგა, რის გამოც მან ასეთ ხერხს მიმართა:
შეუთვალა დადიანს სურვილი მაქვს ჩემი ქალიშვი შენს ვაჟს მივათხოვოო, რაზეც სამეგრლოს მეფე სიხარულით დათანხმდა და თავისი ვაჟი აღდგომის დღესასწაულზე გურიის მეფესთან გაუშვა. მასთან ჩასულ მეგრელ ბატონიშვილს გურიის მეფემ თავი მოჰკვეთა, ჩადო ზარდახშაში და ხალხს გამოუცხადა ვინც ამ „საჩუქარს“ დადიანს მიუტანს იმას და მის შთამომავლობას აზნაურობას უბოძებო. მეფის სურვილის ასრულება იქვე ხალხში მდგომმა ერთმა გლეხმა გვარად ებრალიძემ იკისრა, რომელმაც იცოდა, რომ დადიანისაგან სიკვდილი ელოდა, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა მისი შთამომავლობის გააზნაურებისა.
დადიანის რისხვა, რომ თავიდან აეცილებინა ებრალიძემ ასეთ ხერხს მიმართა: მიუტანა დადიანს გურიის მეფისაგან გაგზავნილი ზარდახშა მაგრამ დაკეტილი და მოახსენა, რომ გასაღების წამოღება დაავიწყდა, რომელსაც უმალვე მიუტანდა. დადიანი ასეთ მზაკვრობას არ ელოდა და ებრალიძე გასაღების მისატანად გამოუშვა. ამის შემდეგ სოფელ ლანჩხუთში არიან აზნაური ებრალიძეები, რომლებიც თავს სწორედ იმ ებრალიძის შთამომავლებად მიიჩნევენ, რომელმაც აზნაურობა დადიანისათვის ზარდახშის მიტანის გამო მიიღო.
დადიანმა გახსნა ზარდახშა და იხილა მისი შვილის მოკვეთილი თავი. გურიის მეფის ვერაგული საქციელით განრისხებულმა ჯარი შეკრიბა, სათავეში მამაცი ბელადი ჯაიანი ჩაუყენა და გაუშვა ლანჩხუთში სადაც გურიელი იყო. მასვე უბრძანა, რომ გაენადგურებინა და ნაცარტუტად ექცია მისთვის საძულველი გურიის მეფის სამფლობელო ლანჩხუთი, ხოლო თავად მეფე ცოცხლად მიეგვარა მისთვის.
გურიის მეფემ შეიტყო თუ არა დადიანის განზრახვის შესახებ 10 მოხერხებული და მამაცი გურული შეარჩია, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გაუშვა იმის დასადგენად თუ საით გადაადგილდებოდა მეგრელთა ჯარი. ორი გურული მეგრელებს მაშინ გადააწყდა, როდესაც ჯარი სადილობდნა. სადილობის დროს ჯაიანმა სამეგრელოს მეფის სადღეგრძელო თქვა და იმავე სადღეგრძელოში გურიის მეფეს სასტიკად დასჯით დაემუქრა. ჩასაფრებული გურულები აღაშფოთა ჯაიანის ტრაბახმა და მათი ბელადის შეურაცყოფამ, ვეღარ მოითმინეს და სწორედ იმ დროს ესროლეს ჯაინს, როცა ის ხის „კულით“ ღვინოს სვამდა. სადღეგრძელოთი აღფრთოვანებული მეგრელების შეძახილები და ხელების გულზე რტყმა, ჯაინის სიკვდილით გამოწვეულმა სრულმა პანიკამ შეცვალა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ მეგრელები თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ და ასე გადაურჩა ლანჩხუთი მტრისაგან განადგურებას.
დადიანი მიხვდა, რომ გურიელს მარტო ვერ დაამარცხებდა და დასახმარებლად თურქეთის სულთანს მიმართა, რომლისგანაც გამოგზავნილი თურქი ჯარისკაცებისა და მეგრელების გაერთიანებული ჯარი ჩოხატაურში შევიდა, სადაც ორი დღით დაბინავდნენ წკნელისგან დაწნულ და ლერწმით გადახურულ ყაზარმებში.
გურიის მეფემ, რომელსაც დიდი განსაცდელი ელოდა, თავდაცვის ასეთი ხერხი მიმართა: შვილდითა და ისრებით შეაიარაღა თავის ჯარი, გაუშვა ჩოხატაურში და უბრძანა ისრების ბოლოებზე ლელქაში გამოებათ და ცეცხლმოდებული ისრები ესროლათ მტრის სადგომებისათვის. შუაღამით გურულების ჯარი მტერს მიუახლოვდა ყაზარმებს ცეცხლიანი ისრების წვიმა დააყარა, ყაზარმები უმალვე ცეცხლში გაეხვა და მათგან რამდენიმე წუთში აღარაფერი იყო დარჩენილი. ცეცხლის წვიმით დაფრთხალი მეგრელები ყაზარმებიდან გამოცვივდნენ და ისე გაიქცნენ, რომ ჩაუცმელი ჩოხები გზაზე დაყარეს და ამიტომაც ჰქვია ამ ადგილს „ჩოხა-ტოული“ ანუ დატოვებული ჩოხა.
*
მომზადებულია (თარგმნილია რუსულიდან) დ. კერესელიძის ნაშრომის მიხედვით 1897
ჟურნალიდან – Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა