ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის 1904 წლის 22 მარტის წლის არჩევნები

„22 მარტს მოხდა ქალაქის რწმუნებულთა არჩევნები. არჩევნების დაწყებამდე თავმჯდომარემ წაუკითხა კრებას ქალაქის დებულების შესაფერისი მუხლი. კანდიდატებად დასახელებულნი იქნენ 67 კაცი, ამათში 21 ისურვა ყუთის დადგმა. სულ ამოსარჩევი იყო 15 რწმუნებული და 5 მათი კანდიდატი. დ. ცეცხლაძემ (ქალაქის მოურავი) ყუთის დადგმაზე უარის სთქვა და საზოგადოებას მადლობა გამოუცხადა. უარი განაცხადა ასევე ივ. ჯაყელმა (ქალაქის გამგეობის საქმის მწარმოებელმა)“

1904 წლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულია ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, რომელშიც მითითებულია ვინ იქნენ არჩეულნი ხმოსნებად და ასევე მითითებულია ამავე ხმოსნებს რამდენი თეთრი და შავი კენჭი ამოუვიდათ ყუთიდან. რაც ჩემთვის ყევლაზე საინტერესო გახლდათ – მითითებულია ყველა ხმოსნის საქმიანობა. რომლითაც ირკვევა, რომ მაშინდელი ოზურგეთის თვითთმართველობა დღევანდელისაგან განსხვავებით აშკარად პასუხობდა თვითთმართველობის ერთერთ ძირითად პრინციპს – ანაზღაურების გარეშე მოვალეობის შესრულებას ანუ ე.წ. – აუანაზღაურებლობის პრინციპს.

ინფორმაციიდან ჩანს, რომ წარმომადგენელობით ორგანოში არჩეულნი იყვნენ თვითკმარი ანუ შემოსავლიანი და თავიანთ საქმეში წარმატებული ოზურგეთის მოქალაქეები. ასეთი პრინციპის დანიშნულება კი გახლდათ, რომ შემოსავლიან და წარმატებულ მოქალაქეებს თავიანთი ფუნქციის შესრულებისათვის არ მოეთხოვათ რაიმე სახის ანაზღაურება ან ხარჯი საკუთარი ღარიბი თანამოქალაქეებისაგან.

წერილში მხოლოდ ერთზე, ისიც ხმოსნობის კანდიდატზეა მითითებული – „არაფერი მოხელე არ არის“. საინტერესო იქნება ამ მხირვ დღევანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული პირების საქმიანობის და მათი პროფესიული მიღწევების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და მათი  შედარება 1904 წლის საკრებულოს წევრების საქმიანობასთან.

გაზეთი „ივერია“ – 1904 წელი 2 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული მასალა:

„ქ. ოზურგეთი (ახლად არჩეულ ხმოსანთა ვინაობა):

  1. თავადი ნიკო თავდგირიძე (185 თ. 10 შ.) ყოფილი ოზურგეთის ქალაქის მოურავი.
  2. ვასილ სოფრომის ძე ხუნდაძე (177 თ. 17 შ.), პროვიზორი საკუთარი აფთიაქი აქ.
  3. თეოფილე იოსების ძე გოგიტიძე (163 თ. 32 შ.) ადგილობრივი ფოსტის მოხელე.
  4. დომენტი შევარდენის ძე შავიშვილი (161 თ. 33 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
  5. რაჟდენ ლევანის ძე წუწუნავა (160 თ. 34 შ.) ოზურგეთის ეტლთა წარმოების ამხანაგობის მმართველი.
  6. სოლომონ კაციას ძე ხონელია (149 თ. 45 შ.), ბათუმის ქალაქის თვითმმართველობაში ნამსახური.
  7. მანასე მაქსიმეს ძე თოთიბაძე (149 თ. 45 შ.) ოზურგეთის მომრიგებელ სასამართლოს განყოფილების მოხელე.
  8. დიომიდე ივანეს ძე სალუქვაძე (147 თ. 47 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
  9. ომაინ ბეჟანის ძე ნაკაიძე (140 თ. 54 შ.) აქაურ ვაჟთა საქალაქო სასწავლებლის სამხედრო ვარჯიშობის მასწავლებელი.
  10. გრიგოლ სიმონის ძე თენიეშვილი (136 თ. 58 შ.) აქაური ვაჭარი.
  11. ნიკო გ. ჩხაიძე (135 თ. 59 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
  12. პლატონ ალმასხანის ძე ბერიძე (134 თ. 59 შ.) ვექილი.
  13. იოსებ ალექსანდრეს ძე ხომერიკი (132 თ. 62 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
  14. კონსტანტინე ქაიხოსროს ძე კვაშალი (132 თ. 62 შ.) აქაური ვაჭარი.
  15. ნიკო სვიმონის ძე თაყაიშვილი (129 თ. 65 შ.) მილიციის პრაპოშჩიკი.

კანდიდატები:

  1. კონსტანტინე თარხანის ძე სიამაშვილი (115 თ. 19 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
  2. გიგილო სიმონის ძე გედევანიშვილი (110 შ. 84 შ.) ხარაზი (მეწუღე).
  3. გიორგი იასეს ძე ჯინჭარაძე (105 თ. 89 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
  4. მიხაკო იასეს ძე კობალაძე (90 თ. 17 შ.) არაფერი მოხელე არ არის.
  5. არსენ მაქსიმეს ძე თავაძე (87 თ. 20 შ.) ესეც ვაჭარია.

არ. თავაძე და მ. კობალაძე ხმოსნებად წარმოუდგენიათ სადაც ჯერ არს, თუმცა იმათ სხვების არჩევის შემდეგ დაიდგეს ყუთი და სხვებზე ნაკლები კენჭი ამოუვიდათ, როგორც თეთრი ისე შავი. ამათ მაგივრად საფიქრებელია, ისინი დარჩებიან, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, რადგან ეს კენჭის რაოდენობაზე უნდა იყოს დამოკიდებული.

როგორც გავიგეთ, მთავრობას გადაუწყვეტია  ოზურგეთიდან ჩოხატაურამდე ტელეგრაფის მავთული გააბას.“

ნახატი ანტონ გოგიაშვილის 1904 წელი

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share