კელი დეგნანის განცხადებები ზოგჯერ ქვეყნის პოლიტიკურ რეალობასთან თანხვედრაში არაა – ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავას თქმით, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებები ზოგჯერ თანხვედრაში არ არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში არსებულ რეალობასთან.

“ქალბატონი ელჩის განცხადებები ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის სხვა ქვეყნის შესახებ საუბრობს, და ეს თანხვედრაში არ არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში არსებულ რეალობასთან. საელჩოს განცხადება ელჩის პოზიციასაც წარმოადგენს და მისი თანხმობის გარეშე არ კეთდება. დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი განცხადებები, არ არის განკუთვნილი მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ამ განცხადებებს ქართველი საზოგადოებაც ეცნობა; ამიტომ როდესაც განცხადება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ეს გარემოება საზოგადოებაში უხერხულ მდგომარეობას ქმნის.

ჩვენთვის აშშ სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დასაყრდენია; რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა, კაცმა არ იცის დღეს საქართველო იარსებებდა თუ არა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. იმ სამეზობლოს გადამკიდე, რომელშიც ჩვენ გვიწევს არსებობა. წარსულზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, დღევანდელი რუსული იმპერიალიზმის ფონზე, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს, ჯიჯგნის და ანაწევრებს ჩვენ სამშობლოს, აშშ-სთან მეგობრობა, მისი ძლიერი მხარდაჭერა, თანამშრომლობა ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკის, პოლიტიკის თუ ნებისმიერ სხვა სფეროში გვიქმნის განცდას, რომ ამერიკის სახით გვყავს ძლიერი პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობა ემყარება სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის პრინციპებს.

აშშ როგორც დემოკრატიის ფლაგმანი მსოფლიოში, ამ პრინციპების დეკლარირებას ახდენდა ჯერ კიდევ მისი დამფუძნებელი მამების მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებიდან დღემდე. ეს არის ჩვენი არჩევანის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, საფუძველი და იმედი.

აშშ-ი ჩატარებულმა უკანასკნელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, როგორც ამერიკაში ისე მთელ საერთაშორისო თანამეგობრობაში, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, აშშ-ში ამჟამად მოქმედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ფოსტით მიცემულ ხმების პრაქტიკასთან და მის შედეგებთან მიმართებით. კრიტიკული მსჯელობა ამ თემებზე ამერიკის მედიაში და საზოგადოებაში, მეტიც სარჩელების სასამართლო განხილვა, არჩევნებზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, სხვადასხვა შტატებში დღემდე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ საკითხებზე თავად აშშ-ში, მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, რომ არც საქართველოს საელჩო ვაშინგტონში და არც რომელიმე სხვა ამერიკის პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის საელჩო, არ აკადრებდა არც ამერიკის სენატს, არც კონგრესს, არც უზენაეს სასამართლოს, თუ რომელიმე შტატის საკანონმდებლო ორგანოს, რომ მათ მიერ მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება, ამ ტიპის ეპითეტებით მოეხსენიებინა (ვციტირებ აშშ-ს საელჩოს განცხადებას): „პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება…ძირს უთხრის…ეს არის კიდევ ერთი! არასაჭირო ნაბიჯი…და ა.შ.”,- ამბობს ხაინდრავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share