უკიდურესი პროტესტი თავისუფლებისთვის – ენმ-ის ოფისში შიმშილობის მე-6 დღე

მასობრივი შიმშილობა გრძელდება – უკვე მეექვსე დღეა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ეზოში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ ლიდერები, პარტიის რიგითი წევრები თუ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანაში ძირეული ცვლილებებია გასატარებელი.

ისინი მოითხოვენ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას, სამართლიან სასამართლოს და ვადამდელ სამართლიან არჩევნებს.

იმ დროს, როდესაც თეა ადეიშვილი სიუჟეტს იღებდა, ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა და, მიუხედავად იმისა, რომ ის ითხოვდა, მიეცათ მისთვის პროტესტის გაგრძელების უფლება, ექიმებმა მას ამის ნება არ დართეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

სხვათაშორის – არ ვიცი, თეას სიუჟეტში ეს ფრაგმენტი არის თუ არა – მაგრამ იქ მუდმივად მყოფ ექიმებს საიდუმლოდ გაუმხელიათ, რომ ქალები ბევრად უფრო მაგრად დგანან, ვიდრე მამაკაცები, და უკეთესად იტანენ  ასეთი პროტესტის თანმდევ სიძნელეებს.

მოშიმშილეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება – მათმა რიცხვი უკვე 300-ს უახლოვდება. ჩვენ შეგნებულად არ გავაკეთეთ აქცენტი პოლიტიკურ ლიდერებზე – ისინი ისედაც ხშირად არიან ეთერში. თეამ ჩაწერა თქვენთვის უცნობი პირები, მათ შორის, რეგიონიდან სპეციალურად ჩამოსული ადამიანები, რომლებმაც წინასაახალწლოდ მიატოვეს ოჯახები და 2022 წელს არა სადღესასწაულო სუფრასთან, არამედ ცარიელი კუჭებით შეხვდებიან.

ბევრი ოჯახია საქართველოში, ვინც საახალწლო სუფრაზე არც კი ოცნებობს, მაგრამ ამ ადამიანებმა, მოშიმშილეებმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღეს და ქვეყნის გულისთვის უარი თქვეს წლის ყველაზე მხიარულ დღეებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share