სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სოლიდარობას არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები უცხადებენ. ინფორმაციას ორგანიზაცია სამოქალაქო დარბაზის ხელმძღვანელი ზაზა მიქელაძე ავრცელებს.
საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ სამსახურის შექმნა საერთაშორისო პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს და უწყებამ დაარსების დღიდან საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება და პატივისცემა დაიმსახურა. ხელისუფლებამ კი მოულოდნელად და ფარულად დაიწყო ინსტიტუტის გაუქმების პროცესი.
„კანონპროექტის განხილვის მანერისა და შინაარსის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტი ემსახურება არა რეალურ რეფორმას, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, ნაცვლად მისი გაძლიერებისა და კიდევ უფრო მეტად გამართვისა. ჩვენს მეხსიერებაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას ხელისუფლება უბრალოდ აუქმებს ჯეროვანი და ლეგიტიმური განმარტების და დემოკრატიული ჯგუფების და საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებისა და კრიტიკის გარეშე”, – წერია განცხადებაში
ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოწყვლადი ჯგუფების და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის კი მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამართული უფლებადამცველი უწყების არსებობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ასევე მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და პატივი არ სცა ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის ფაქტორს და მას კანონპროექტის შესახებ სათანადო ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს ინსპექტორს და მადლობას უხდიან პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის. ხელისუფლებას კი დამოუკიდებელი უწყებების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
„ამასთანავე, ვაღიარებთ რა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ როლს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას
1. შეწყვიტოს მიზანმიმართული დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების დემონტაჟი და იყოს ორიენტირებული საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების რეალურ დაცვაზე.
2. მოუსმინოს საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და წარმართოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც არსებული გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული“, – წერია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების საერთო განცხადებაში.
განცხადებას ხელს 32 ადამიანი აწერს:
- ზაზა მიქელაძე
- სამირა ბაირამოვა
- ელდარ ჯავახიძე
- მაია რიჟვაძე
- გიორგი დეკანაძე
- იზოლდა ხოშორაძე
- შოთა დეკანაძე
- მარო დეკანაძე
- თამარა ხოშორაძე
- მალხაზ ხოშორაძე
- ბეჟან დეკანაძე
- ნესტან ანანიძე
- ლია დეკანაძე
- ლელა დეკანაძე
- ლადო დეკანაძე
- ავთანდილ შავაძე
- ჰურიე აბაშიძე
- ჯემალ საგინაძე
- მათე სარალიშვილი
- ოქტაი ქაზუმოვი
- ნინო ართმელაძე
- ბანიამინ კასიმ ოღლუ
- ქამრან მამედლი
- აითაჯ ხალილლი
- რაბილ ისმაილ
- სემა სადიკ
- აიჰან ჰასანლი
- ფარიდ ასკერ
- ალი მამედლი
- სულხან ბორძიკაშვილი
- ტიგრან თარზიანი
- გურამ ვაშაყმაძე