თემურ კილაძის “ოქროს საწმისი” იტალიურ ენაზე გამოიცემა

ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, მალე ახალ რომანს იტალიურ ენაზე შემოგვთავაზებს.  რომანი  “ოქროს საწმისი” იტალიურ ენაზე გამოსაცემად უკვე მზადაა და მალე მასში გადმოცემულ საინტერესო ისტორიებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ეზიარებიან.

არგონავტების ოქრო“ იმ ადამიანის ისტორიაა, რომელმაც რამდენიმე ქვეყანაში იცხოვრა, გადაიტანა „გამარჯვებული“ სოციალიზმი და „დემოკრატიული“ კომუნიზმი, ჩვეულებრივი კაპიტალიზმი და ბოლოს მაინც გაუგებარ წყობაში აღმოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა, საბჭოთა კავშირის აჩრდილი მუდამ თან დაჰყვებოდა და თავს ახსენებდა.. რომანი მთავარი გმირის, ნიკო კალაძის ბავშვობის დროინდელი მოგონებით იწყება: ქრონოლოგიურად ეს პერიოდი სტალინისა და ხრუშოვის ეპოქას ემთხვევა, სადაც მასა (საზოგადოება) ტოტალური რეჟიმის წნეხის ქვეშაა მოქცეული და შიშით დაღდასმულია. მის მოგონებებში ასახულია დიდი, წარმატებული ცხოვრება საბჭოეთში და ბოლოს, მიუხედავად წარმატებულობის ილუზიისა, საბჭოთა კავშირის დატოვება. ემიგრაცია ემთხვევა ელცინის პერიოდს, როცა საბჭოთა იმპერია დაიშალა და მისი მოქალაქეების დიდი ნაწილი, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაედინა.

ექს საბჭოთა მოქალაქე მოუმზადებელი აღმოჩნდა დასავლეთში ინტეგრაციისთვის. ფასეულობათა გადაფასების პროცესში პიროვნება იშლება და კვლავ მთლიანდება, ნიკო საოცრად პლასტიკური, ადაპტირებადია ახალ გარემოში, ერთგვარი იუმორითა და პაროდიით ახერხებს წარსულთან გამიჯვნას, თუმცა დამღლელ ბატალიებში იქნებ საბჭოეთზე ნოსტალგიაც დალანდოს მკითხველმა (პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ძველი, მოუშორებელი ბოლშევიზმის ფანტომი ხშირად გამოკრთება).

ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ, ბედი თუ ბედის ირონია, მას კვლავ სამშობლოში გადმოისვრის. ავტორი ხატავს სსრკ-ს შიშით გაჟღენთილი ორმოცდაათიან წლებს – ხორაგით სავსე სასურსათო მაღაზიებისა და ჯიბეცარიელი მოქალაქეებით, ხრუშოვის პერიოდს – პირიქით; სიცარიელე თაროებზე, ჯიბეში გამოუსადეგარ ქაღალდად ქცეული ფულის ფონზე. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ნიკო კალაძის ახლგაზრდობა. მისივე სიტყვებით: „ეს ის პერიოდია, როცა სტალინის აჩრდილი ჯერ კიდევ დააბიჯებს ჩვენს ეზოში და მამას ბერიას სახელის გაგონებაზე ფერი ეცვლება. ირონიითაა აღწერილი კომუნისტური წყობის სისასტიკე და მაინც, რომანი სიყვარულით და ოპტიმიზმითაა სავსე – „ მეგონა წიგნს ნატაშაზე ვწერდი და არ მაძლევენ მოსვენებას კომუნისტებიო“- , ამბობს ნიკო.

მოკლედ, მკითხველს წინ საინტერესო მოგზაურობა ელოდება, წარსულ საბჭოთა კავშირსა და იმ დროისთვის დამახასიათებელ ადამიანურ ისტორიებზე.

ცნობისთვის, “ოქროს საწმისის” გარდა, რომელიც საქართველოში 2017 წელს გამოიცა, თემურ კილაძე კიდევ ორი რომანისა და ერთი ნოველის ავტორია: „ჩემი ფეისბუქის საყვარლები “ 2015 წელს გამოიცა, „პატარა გოგოს აღსარება“- 2016 წელი, „ოცი ათასი მესიჯი საყვარელ ქალთან“-2017.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share