ზეცის შვილმა სამუელმა მიწაზე ბერტყა მოადინა თუ არა, გურულმა მიწამ გურული სიცქვიტე მისცა, მაშინვე წამოხტა და სულმოუთქმელად მაღალი “რა-შო-რე-რა” შეუკრიმნაჭულა. სიმღერა ყანაში მომუშავე გლეხებმა გაიგონეს და მეორე პირი იმათაც შემოძახეს, მარა სამუელს ვერ აჯობეს.
– მოი ბიძია აგერ ვინცხა ხარ; შენც სინჯე აგი სამოყიანი თოხი და მერე მიეცი ცას ფშვიტირი თუ კაი ბიჭი ხარ!
ყრმა სამუელს თოხი და გლეხური მუშაობა იმ დღიდან შესძულდა და თუ ნადში ყანური სიმღერების დამწყები არ იყო, ისე თოხს ხელს არ კიდებდა. სამუელი გლეხთან არ მივიდა, მარა გლეხი იახლა და ვისი შვილი ხარო კითხა. სამუელმა ამ ქვეყნიური ლაპარაკი არ იცოდა და სიმღერით უპასუხა:
ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე,
ვარსკვლავებსა დავენახვე;
მთავარემ კაცი მომიგზავნა
– აქ თუ იყავ რად არ მნახე.
გლეხს მომღერალი ქოჩორა ყმაწვილი მოეწონა და სახლში წაიყვანა. გზაში გამოირკვა, რომ მიწაზე ბერტყების დროს სამუელს ცალი ფეხი ეღრძო ანუ გურულათ – ენჯაყვებია. თუ რომელი ფეხი ეღრძო არავინ არ იცის, ჩვენის ღრმა რწმენით ორში ერთს აუცილებლად ან მარჯვენას ან მარცხენას იღრძობდა. თუ ამას ისტორიული რამე მნიშვნელობა აქვს შეუძლია დააკვირდეს ყრმა სამუელის ფეხს თუ რომელი ფეხით კოჭლობს, მაგრამ ვაგლახ ეს კითხვაც გადაუწყვეტელი დარჩება, რადგან მემარჯვენეობა-მემარცხენეობის საკითხი ინტერნაციონალებსა და ერთა ლიგასაც კი ვერ გადაუწყვეტია.
ამ რიგად სამუელი შეეფარა, უფრო სწორედ შეიფარა გლეხის ოჯახმა, იშვილეს და იძმეს, ეგონათ წამოიზრდება და ოჯახს წადგებაო. რა იცოდნენ თუ ოჯახს დამამსები და გამაპარტახებელი შესძინეს. გაეჩვია თუ არა სამუელი ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, ენის ამოდგმისთანავე საყვედურით სთქვა:
– ვაი დედავ სა ვიყაი და სა მუელ! (ვითომდა სად მოველიო). მერე საოჯახეო საქმეებს დაასაქმებდნენ თუ არა ყოველთვის წუწუნებდა: სა მუელ, სა მუელ! ამის გამო ეს სახელი დღემდე შერჩა.
საოჯახო გლეხური საქმე თუ ეჯავრებოდა სამუელს, სამაგიეროთ იყო “ჭიპ-მოჭრილი”. დღეი, ღამე, შინ და გარეთ, ტირილში და ქორწილში, ტყეში და ყანაში, ყველგან და ყოველ დროს მღეროდა და ეს საშიშარი ავადმყოფობა მან დამართა თავის ძმებს და დებს, მერე მეზობლებს, მერე მთელს სოფელს, მერე მთელს სამამასახლისოს, მერე მთელს გურიას. . . ეგეც არ იკმარა საზღვარი გადალახა, სამეგრელოში შეიჭრა, მიუხტა ფოთში ბოღოზის მუშებს, ეკვეთა ბათომში ქარხნის მუშებს, მიიტანა იერიში ქუთაისსა და თბილისზე და აქური მუშები და ნოქრები დაავადმყოფა, ამას კიდევ ვაპატივებდით, მაგრამ მან არ დაინდო არც სკოლის მოწაფეები და ყველა მთელი “დუნია მემლექეთი” სიმღერა გალობათ აქცია – მოარული ან გადამდები სენი გახადა.
თვით სამუელმა თავისი უსაქმურობით ისე გაითქვა სახელი, რომ მის სტუმრობას თვით უსაქმური თავად-აზნაურობაც აღარ თაკილობდა.
ღმერთი არ არის სწორეთ, თორემ შენ ყაზახად გასაჩენი არ იყავი, კეთილშობილადათ ივარგებდი! – ხშირად ეტყოდნენ კეთილშობილი წოდების ქალ-ვაჟები სამუელს.
მაგ დედა ძაღ… ჩვენც ძაან გაგვღლიტა, მუტაკია ყაზახმა, ჩამოართვა ხელობა: დათა გუგუნავას, ანტონ დუმბაძეს, ნიკო და ფარნა კობალაძეს, ბატონიშვილ გურიელებს და სამეგრელოში ცნობილ ჭალაგანიძესაც კი. შემოგვიჯდება უტიფრად სუფრაზე, ვითომ ჩვენი სისხლი იყოს და მღერის კი არა და სტავლებასაც კი გვიპირებს.
გაუტკბა სამუელს, მუდამ სიმღერა, ქეიფი და დროსტარება. ცოტა-ცოტათი ღვინის სმასაც მიეჩვია, მაგრამ დათრობა ყოველთვის ეზარებოდა.
– მომღერალი ლხინის უფალია, ლხინში აყალმაყალი, რომ ატყდეს, სიმღერით უნდა დააწყნაროს და თვითონ მომღერალი დათვრა ამას ვეღარ შეძლებს – იტყოდა სამუელი. ამიტომ ყანწით ღვინის სამას ერიდებოდა, თუ მაინდამაინც ძალას დაატანდნენ “წრუპავდა”. ერთხელ ყანწი არ გამოსცალა და მოპირდაპირეს ისე გადააწოდა.
– ძამია თავზე შემორებული კაცი არ ვარ, შენს მაგიერ რომ დავლიო, გამოსცალე და ის გამომიგზავნე.
– კაი ძამია, ასე თუ გეწყინა გამომიგზავნე და რაც აკლია ჩავლევ.
სამუელმა ყანწი გამოსცალა, ცერის ფრჩხილამდე დაირეკა და მოპირდაპირეს უთხრა:
– აა, ახლა ხომ ცხონდი, ისე ჩავლიე, რომ შიგ ერთი “კაპლიც” არაა.
ამ ღირშესანიშნავი ამბის შემდეგ სამუელის გვარი შეიქმნა ჩავლეშვილი.
რა შესძინა სამუელმა თავისი მამობილის ოჯახს?! სტუმრები, სტუმრები და კიდევ სტუმრები.
გაისმოდა თუ არა სამუელის მამობილის ოჯახში: “ხასანბეგურა”, “ხელხვავი”, “პატარა საყვარელო” და სხვა, “შავი შაშვი ჩიოდა, ნეტავ რასა ჩიოდა” გაისმოდა ოდაში:
– თქვენს ამოგდებას ჩიოდა, თქვენს ფეხის მოტეხას ჩიოდა! იწყევლებოდა სამზად სახლში დედობილი.
– “მასპინძელსა მხიარულსა”. . .
– ისე გაგიმხირულდა ოჯახი (გაიგონებდით სამზარეულოში).
– “ყავს სტუმრები საყვარლები”. . .
– უნელმა ჭირმა შეგიყვარა თქვენ! – დაუმატებდა დედობილი.
– “ღმერთი ნურას ნუ მოუშლი”. . .
– ისე მოიშალა თქვენი ოჯახი რავარც ჩემი ოჯახი მოშალეთ და ამოაკვინკვილეთ!
– აბა ბიჭებო დასცხეთ “ხელხვავი”. . .
– ოი თქვენ გაგიჩნდათ წელკავი. . . სამუელმა, რომ სიღერა ისტავლა მერე დეიმსო აშენებული დულღამი, ოჯახი. მაგან და მაგის იტინტილო სტუმრებმა ნალიე გამომიხინკილეს, ჭური ამომიმშრალეს, ბუდეზე მოჭვა გამიწბილეს, ვინცხას ქე ჰგონია სამუელმა ჩემსას ოქროს გორა დადგა, ბევრი შეგირდი ყავს და ოქროებს ხვეტსო, ის არ იციან თუ ჩემსას ქრისტეს ტირილია, თაგვებიც აღარ იცდიან! – ტიროდა დედობილი.
წინათ იტყოდნენ დრონი იცვლებიან და არა მეფენიო, დროიც შეიცვალა და მეფეც, დღევანდელმა დრომ სამუელი დააფასა, 50 წლის იუბილე გაუმართა, შეიძლება იუბილემ აქ, თბილისში ჩამოსვლის ხარჯი არ გაუსტუმროს, ნასესხების (სამგზავროთ) ჩასესხება ვერ შეძლოს, მაგრამ სამუელი ასკანელია, ასი კანის გაძრობას აწეც გაუძლებს.
გაუმარჯოს ასკანელ ბიჭს – სამუელს!
–
აპოლონ წულაძე 1927 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა