ბოლო 2 თვის მონაცემებით „მთავარი არხი” სატელევიზიო რეიტინგებით მყარად ინარჩუნებს რიგით მეორე ადგილს – ამის შესახებ პიარ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი ხაჭაპურიძე აცხადებს.
მისი განცხადებით ივლისის ბოლოდან არხის რეიტინგი 12%-ს არ ჩამოსცდენია და წინა კვირის მონაცემებით 14.42% შეადგენდა.
„რუსთავი 2-ის რეიტინგის მკვეთრი კლება აგვისტოს პერიოდიდან დაიწყო, როდესაც გარკვეული გადაცემები მაყურებელს ახალ სეზონამდე დაემშვიდობა. 03-09 აგვისტოს მონაცმებით არხის რეიტინგი იყო 10,56%, ხოლო 10-16 აგვისტოს პერიოდში 8,03%-მდე დაეცა. არხი დღემდე ინარჩუნებს მესამე ადგილს და გასული კვირის მონაცემებით მისი რეიტინგი 9.28%-ა. როგორც ჩანს მთავარი არხის მიერ აგვისტოს თვეში საინფორმაციო და პოლიტიკური თოქშოუების ეთერში შენარჩუნებამ მაყურებელი გადაიბირა.
რეიტინგის ლიდერის პოზიციას ტელეკომპანია „იმედი” ინარჩუნებს, თუმცა დინამიკაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. გასული კვირის მონაცემებით არხის რეიტინგმა 23.08% შეადგინა, მაშინ როდესაც აგვისტოს დასაწყისში 24,75%, ხოლო აგვისტოს ბოლოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 26,38%-იც კი იყო” – აცხადებს გივი ხაჭაპურიძე.
კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, გარდა ცალკეული ტელევიზიების რეიტინგებისა, თუკი სატელევიზიო არხებს დავაჯგუფებთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ და ლოიალურ არხებად, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე არხების (მთავარი არხი, ტვ პირველი, ფორმულა) ჯამური რეიტინგი მატულობს, ხოლო ლოიალურად განწყობილი არხების (იმედი, რუსთავი 2, მაესტრო) – იკლებს.
„ეს ტენდენცია წლის დასაწყისიდან შეინიშნება, თუმცა განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება მაისის ბოლოდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. ტელეარხების „იმედი”, „რუსთავი 2″ და „მაესტროს” ჯამური რეიტინგი სექტემბრის ბოლოს 34.18% დაფიქსირდა, მაშინ როდესაც მაისის ბოლო კვირის მდგომარეობით 38,05%-ს შეადგენდა. რაც შეეხება კრიტიკული ტელეარხების – „მთავარი არხი”, „ტვ პირველი” და „ფორმულა”, ჯამურ რეიტინგს ამავე პერიოდში 17,85%-დან 21.90%-მდე გაიზარდა.
არსებული ტენდენცია მიუთითებს, რომ საზოგადოების განწყობები მეტად კრიტიკული ხდება ხელისუფლების მიმართ. შესაბამისად, „რუსთავი 2″-ზე განვითარებული მოვლენების შემდეგ წარმოშობილმა ორმა სატელევიზიო არხმა და ამავე არხიდან წასული ჟურნალისტების ტვ პირველზე გადასვლამ ერთი წლის შემდეგ ტენდენცია დაგვანახა. „რუსთავი 2″-ის ძველი სარედაქციო პოლიტიკით დარჩენა შესაძლოა ნაკლები თავის ტკივილი ყოფილიყო, ვიდრე დღეს არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივა” – განმარტავს პიარ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი ხაჭაპურიძე