კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებული გიორგი გაგოშიძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკურ მოსაზრებებსა და კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.
გაგოშიძე სააგენტოში წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ის გელათზე დაწერილი დასკვნის გამო გაათავისუფლეს, რომელშიც რეკომენდაცია გასცა, რომ ტაძარი მოყვითალო-მომწვანო ფერის კრამიტით უნდა გადაეხურათ.
“ჩემთან რა კავშირი უნდ ჰქონდეს, მე ვარ ხელოვნებათმცოდნე და უბრალოდ დავადგინე, როგორ იყო გადახურული გელათი დავით აღმაშენებლის დროს.
მე ეს დავადგინე, აღვნიშნე, რომ იყო კრამიტით გადახურული, მოყვითალო-მომწვანო ფერის კრამიტით და რეკომენდაციაც გავეცი, რომ კარგი იქნება თუ ასე მოხდება ამ ტაძრის გადახურვა. როგორ შეიძლება ხელოვნებათმცოდნეს, რომელიც ნაშრომს წერს, იმას დააბრალო წყლის ჩადინება დიდ ტაძარში.
[…]წულუკიანი კულტური მინისტრის დროს ხდება საქმეები, არავინ იცის რა ხდება, დაკეტილია მონასტრის კარი და რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს, პროფესიონალს საერთოდ არ აკარებენ გვერდით.
30-იანი წლების პატარა საბჭოთა მოღვაწეა, ვიღაცას დააბრალებს და მერე მე უნდა ვიგერიო მაგათი გაფუჭებულ საქმეები. ეს არის რეპრესიები ჩემი პოლიტიკური პოზიციის გამო, რომელიც არ ემთხვევა წულუკიანის პოზიციას”, – თქვა გიორგი გაგოშიძემ.
ცნობისთვის, კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და გათავისუფლებულ თანამშრომლებზე, მათ შორის გიორგი გაგოშიძეზე მინისტრმა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
გელათის ტაძრის მძიმე მდგომარეობა მან სწორედ გაგოშიძეს დააბრალა: “რაც შეეხება ყოფილ თანამშრომელს, ბატონ გიორგი გაგოშიძეს, საბჭოეთის მეცნიერის, ბატონი იულონის, სააკაშვილის მინისტრის შვილს, მის სახელთან არის დაკავშირებული გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესები. ბატონი გიორგი გაგოშიძე, აწ უკვე გათავისუფლებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, გახლავთ ერთ-ერთი თანაავტორი იმ პროცესებისა – გელათის ფრესკების სავალალო ჩამოშლისა, რომლის შედეგებიც დღეს ჩვენ მიერ არის შეჩერებული”.