რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დიმიტრი გუდკოვი საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტერის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს ეხმაურება, რომელმაც პოლიტიკოსის ქვეყანაში არშეშვება განმარტა. კერძოდ, სამხარაძის მტკიცებით, გუდკოვის დუმის წევრობის დროს რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსი ოპოზიცონერი ამბობს, რომ მან დეპუტატის მანდატი 2011 წელს მოიპოვა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა ოფიციალურმა მოსკოვმა 2008 წელს აღიარა. გუდკოვის თქმით, მას შემდეგ ის არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასულა და შესაბამისად ოკუპაციის შესახებ კანონიც დარღვეული არ აქვს.
“ალბათ საქართველოს ხელისუფლება დიდხანს ფიქრობდა, როგორ აეხსნა, რატომ არ შემიძლია მივირთვა ხინკალი მშვიდობის ხიდის ხედით და როგორც იქნა მოიფიქრა. აფხაზეთის დამოუკიდებლობა დუმამ აღიარა 2008 წელს. მე დეპუტატი 2011 წელს გავხდი. ასევე, 2008 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველოში ოკუპაციის შესახებ კანონი მიიღეს, არ ვყოფილვარ არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში, რადგან პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, მე დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელმაც მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, არ ჩავმჯდარვარ პარლამენტის სპიკერის სავარძელში – მისი ნახვა [გავრილოვის] როგორც გვახსოვს, ქართულ მთავრობას გაუხარდა. მე მქვია დმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი.
მესმის, რომ ახლა ქართული ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს. სააკაშვილის დაპატიმრება საკმარისი არაა, საჭიროა რიგი სარიტუალო ქმედებები, რათა მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა სამომავლო არჩევნებისთვის. მაგრამ ხომ შეიძლება ნორმალური ტყუილის თქმა მაინც ისწავლონ? სამხარაძეს მინდა ვკითხო, ლუბოვ სობოლიც რუსეთის დუმის დეპუტატი იყო? ისიც არ შემოუშვეს… მე პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველ ხალხს და მის ევროპისკენ მისწრაფებას. ვერ ვიტან – პუტინთან თავის მოწონების მისწრაფებებს და ტყუილს”, – განაცხადა გუდკოვმა.
რუსი ოპოზიციონერი საქართველოში 31 იანვარს არ შემოუშვეს. მაშინ მან აღნიშნა, რომ თბილისში უკრაინიდან ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, აქტივისტებთან და დიპლომატებთან შეხვედრების გამართვას აპირებდა, თუმცა ის კიევში ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში საქართველოში არ შემოუშვეს, ალექსეი ნავალნის მოკავშირე, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი.