კლასიკურ ლექსიკონს თუ ჩავხედავთ – მაინინგი – მაღაროდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესს ქვია, ხოლო ამ სარგებლის ამომღებ-გამომტანებს მაინერები. თანამედროვე ტერმინოლოგიით კი – მაინინგი – კრიპტოვალუტის გამომუშავების პროცესია, რომელსაც ელექტროენერგიაზე მიერთებული კომპიუტერული დანადგარები, შესაბამისი საპროგრამო უზრუნველყოფით ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფენ. მოკლედ სარფიანი საქმეა – ელექტროენერგიაში შენი ფული თუ არ მიდის.
შეგვიძლია დანაშაულის უპრეცედენტობაზე გავამახვილოთ ყურადღება. გორზევე გავაგრძელოთ საუბარი, იმაზეც ვიხუმროთ, სვანურ ჰაერზე “ნაკვებ” ბიტკოინებს, გორული “კულტურული” კრიპტოვალუტა აჯობებს თუ არა…მაგრამ კაცმა რომ თქვას, რა დანაშაული ჩაიდინა კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ისეთი, მისი საშუალო და მთლად ზემდგომი რომ არ ჩადის: რასაც ჩვენი ხელისუფლება ჩვენივე ჯიბიდან ამოღებული და უცხოეთიდან ნასესხები თანხებით სიმწრით შედგენილ ბიუჯეტს ამაინინგებს, ანუ თხრის, გამოაქვს და სახლში მიაქვს თუ რამე სასარგებლო და ღირებულია, ამ, შიძლება მთლად პატიოსან არა, მაგრამ მაინც მასშტაბებში მოკრძალებულ და “კულტურულ” კაცს რა ნამუსით უნდა შევედავოთ.
ბიუჯეტის და ეკონომიკის თხრის, მაინინგის, მითვისების და უყაირათოდ ხარჯვის შედეგია საქართველოს ოცდაათწლიან ისტორიაში რეკორდული ინფლაციის მაჩვენებელი და ის სოციალური ღრმული აღარ ქვია, უფრო უფსკრული, რომელიც სახელმწიფოს და ბიუჯეტის ხარჯზე მაინინგის და საკუთარი კეთილდღეობის მაშენებელი ქართული ოცნების პარტიულ ნომენკლატურასა და დანარჩენ ხალხს შორის გაჩნდა. ამ უფსკრულს, ცხადია, ვერც გორის კულტურის სახლიდან საბიუჯეტო სახსრების მაღალტენოლოგიური დატაცების ფაქტის აღმოფხვრა ამოავსებს და ვერც თბილისის მერიის სტრუქტურებში სუსის მიერ მოქნეულ ბადეს ამოყოლილი ლიფსიტების დაკავებები. იმ ცნობილი გამოთქმისა არ იყოს:”თევზი – თავიდან ყარს!“, ანუ მთავარი უკანონო მაინერიც და საბიუჯეტო სახსრების არა ათასობით, არამედ მილიონობით მიმთვისებლები ზემოთ არიან.
თორემ იმ გორელ კრიპტოვალუტის გამომმუშავებელ საჯარო მოხელეს რას ვერჩით?…წულუკიანის ხელში ჩავარდნილ კულტურის ინფრასტრუქტურას ყველაზე უწყინარი დანიშნულება გამოუნახა, ისევ ბიუჯეტის ხარჯზე ბიტკოინების წარმოება ჯობია, სახელმწიფოს რესურსით სიძულვილისა და უკულტურობის ქარხნების მუშაობას.