ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 19 276 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 17%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 67 953 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7 %-ით მეტია.
ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 58% ევროპის რეგიონში გამოვლინდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 31 იანვრიდან 6 თებერვლამდე პერიოდში დაინფიცირების ყველაზე მეტი, 1 874 006 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის საფრანგეთი, 1 738 189 შემთხვევით, მესამე ადგილზეა გერმანია, სადაც დაინფიცირების 1 285 375 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ მოჰყვებიან ბრაზილია და ინდოეთი.
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვირუსს ყველაზე მეტი, 14 090, ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ინდოეთი, 7 888 გარდაცვლილით, მესამეზე კი რუსეთი, სადაც გარდაცვალების 4 686 შემთხვევა დაფიქსირდა.