ზუსტად 100 წლის წინ, 1920 წელს, კავკასიაში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, „ესპანური გრიპის“ საშინელ პანდემიას ებრძოდნენ. რას ურჩევდნენ მაშინ ექიმები მოსახლეობას და რას წერდნენ გაზეთები?
ეს მიმოხილვა დაფუძნებულია ორი მათგანის – ქართული „სასოფლო გაზეთისა“ და დაღესტანში გამომავალი გაზეთის, „ვოლნი გორეცის“ 1920 წლის, მარტი-მაისის პერიოდის პუბლიკაციებზე.
1918-1920 წლების „ესპანურმა“ პანდემიამ, კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, მოსახლეობის ყველაზე მასობრივი განადგურება გამოიწვია. თანამედროვე მკვლევართა გამოთვლებით, ესპანური გრიპით ორი წლის განმავლობაში, დაინფიცირდა, დაახლოებით, 500 მილიონი ადამიანი – დედამიწის იმდროინდელი მოსახლეობის მესამედი და დაიღუპა 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი.
იმ პანდემიის მსხვერპლთა რიცხვი შედარებულია ორივე მსოფლიო ომის დანაკარგებს: პირველმა, სხვადასხვა გამოთვლით, 16-დან 22 მილიონ ადამიანამდე იმსხვერპლა, მეორემ – 60-80 მილიონი.
„ესპანურთან“ ერთად, კავკასიაში მძვინვარებდა „ტიფი“, ფრინველის გრიპი და მწერებისგან გადაცემული ცხელება.
ეს ყველაფერი ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის, რუსეთში სამოქალაქო ომისა და კავკასიაში ბოლშევიკებისა და თურქული არმიის შეჭრის შედეგების ფონზე.
შედეგად, ჯანდაცვის სისტემა თითქმის განადგურდა და „ესპანურის“ პანდემიასთან ბრძოლა ექიმებისთვის უკიდურესად რთული აღმოჩნდა.
დაავადების პრევენცია: ცხვირი უნდა იყოს სუფთა
საქართველოში გამომავალ „სასოფლო გაზეთში“, ჩართული იყო ექიმის სვეტი, რომელიც ცნობილია მხოლოდ ფსევდონიმით „ღ“. ის პოპულარული ენით ჰყვებოდა ინფექციური დაავადების პრევენციის მეთოდებზე.
1920 წლის 18 აპრილს გამოქვეყნებულ სვეტში, ექიმმა „ღ“-მ დაწერა:
„რამდენადაც „ესპანური“ ინფექცია ცხვირ-ხახის გზით ვრცელდება, ის რეგულარულად უნდა გაიწმინდოს“.
იქვე, ის წერდა პაციენტების მიერ გამოყენებული თეთრეულისა და დანა-ჩანგლის გამოხარშვის აუცილებლობაზე.
ექიმი აღნიშნავდა, რომ დაავადება, ძირითადად, გადაეცემოდა ნათესავებს, ამიტომ, აუცილებელი იყო ინფიცირებულთან დისტანციის დაცვა.
„დაავადებულმა დედამ არ უნდა მოუაროს ბავშვებს. ეს მათი დაინფიცირების ტოლფასია. ასევე, დაავადება გადაეცემა კოცნით – ასე რომ, არ ღირს ბავშვების კოცნა“.
და კიდევ ერთი გაფრთხილება:
„თუკი გვიან ადექით, დალიეთ ღვინო და დაიღალეთ – ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელებას“.
წამალი: ქაფური და სადეზინფექციო საშუალებები
ქართველი ექიმი „ღ“ და ექიმი ორლოვიც, რომლის ციტირებასაც ხშირად ახდენდა დაღესტნური გაზეთი „ვოლნი გორეცი“, რეკომენდაციას იძლეოდნენ, შეესუნთქათ ქაფური და გამოეყენებინათ სპირტიანი ხსნარები მათ, ვისაც ავადმყოფებთან ჰქონდათ კონტაქტი.
კიდევ ერთი წინადადება იყო, ცხვირ-ხახის გასაწმენდად გამოეყენებინათ ბერტოლის მარილი (Potassium Chlorate).
დღეს, ეს ადვილად აალებადი და ტოქსიკური საშუალება ინდუსტრიული მასშტაბით დეზინფექციისთვის გამოიყენება. ბერტოლის მარილის ტოქსიკურობა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაადგინეს, მაგრამ ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იყიდებოდა აფთიაქებში.
ხელისუფლების რეაქცია და საერთაშორისო სამედიცინო დახმარება
1920-იანი წლების დასაწყისში არსებულ რთულ პოლიტიკური ვითარებაში, სამედიცინო დახმარების კოორდინაციის საკითხი ძალიან გართულებული იყო. საზღვრები მუდმივად იცვლებოდა, სამედიცინო ჯგუფების გაგზავნა დიდი ქალაქების გარეთ, ყველგან ძვირი და სახიფათო იყო.
დიპლომატთა ჯგუფის მიმართვის შემდეგ, წითელი ჯვარი სათავეში ჩაუდგა საქართველოში ტიფისა და ესპანური გრიპის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, დაღესტანში.
მართალია, „ესპანურის“ აფეთქება სწრაფად ჩააქრეს, მაგრამ ექიმ ორლოვის თქმით, ლეტალურობა ძალიან მაღალი იყო – ინფიცირებულთა, დაახლოებით, 90 პროცენტი დაიღუპა.
სამხედრო ჰოსპიტალი კანზასში, აშშ-ში, „ესპანური გრიპის“ პანდემიის დროს.
ფოტო: Wikipedia Commons
https://jam-news.net/ge