9 თებერვალს იტალიის პარლამენტში დეპუტატ მატეო დალოსოს პრესკონფერენცია გაიმართა თემაზე: „ხალხების თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. რომელშიც მონაწილეობას იღებდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. 9 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ წერილი გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს და მოითხოვა აფხაზეთს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ ამ ამბის ასე დატოვება არ შეიძლება.
CNews-თან საუბარში დავითაია აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მზადება აფხაზეთის ანექსიისთვის და ამას ხელი უნდა შევუშალოთ.
_ ბატონო პაატა იტალიის პარლამენტში დეპუტატმა მატეო დალოსომ გამართა პრესკონფერენცია, თემაზე: „ხალხების თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. ამ პრესკონფერენციაში ჩაერთო ასლან ბჟანიაც. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, მაგრამ ამჯერადაც დაგვიანებით. ადრეც ხდებოდა მსგავსი ტიპის ღონისძიებები და ჩვენი საგარეო მას შემდეგ ახდენდა რეაგირებას,. როდესაც ფაქტი მოხდებოდა. აფხაზებს იტალიელებთან უკვე დამყარებული აქვთ ურთიერთობა. იტალიაში, რაღაც სავაჭრო პალატაც კი გახსნეს, ამჯერად იტალიის პარლამენტის წევრის ეგიდით ჩაატარა დალოსოს ონლაინ კონფერენცია, თვითგამორკვევასთან დაკავშირებით. რაც ძალიან შეურაცხმყოფელია. ეს არის იტალიაში საქართველოს საელჩოს სისუსტე.
ჩვენი საელჩოები რომ სუსტად მუშაობენ ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკა დაიწყო და ამაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს სათანადო რეაგირება.
_ რა ახალ პოლიტიკაზე საუბრობთ?
_ იტალიის პარლამენტში გამართული პრესკონფერენციის პარალელურად აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართა გაეროს, რომ აფხაზეთს მიენიჭოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი.
_ იგივე სტატუსზეა საუბარი, რაც პალესტინას აქვს?
_ დიახ. ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ დაიწყო ახალი ერა. რასაც ჰქვია მზადება ანექსიისათვის. მოდით ვთქვათ სიმართლე, რა თვითგამორკვევაზეა საუბარი? აფხაზეთში მოხდა ეთნიკური წმენდა. ეს არის დანაშაული, რომელიც განხორციელდა ქართველების წინააღმდეგ. მოხდა კონსტიტუციური წყობილების რღვევა და ხელისუფლების მითვისება, რაც არის ორგანიზებულ დანაშაული. როდესაც ეთნიკური წმენდა და ორგანიზებული დანაშაული ხდება, იქ რა თვითგამორკვევაზეა საუბარი? თვითგამორკვევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ აფხაზეთი საქართველოს საზღვრებში იქნებოდა.
აქედან გამომდინარე ეს არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება, მაგრამ ამაზე მაინც დაიწყო აპელირება. შემდგომში იტყვიან რომ აფხაზები და ქართველები ერთად ვერ იცხოვრებენ. იტყვიან, რომ ქართველებს და ოსებსაც არ შეუძლიათ ერთად ყოფნა.. საქართველოს ხელისუფლება ვეღარ იქნება სირაქლემას პოზიციაში _ რუსეთი ოკუპირებული რეგიონების ანექსიისთვის ემზადება.
_ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? როგორ უნდა შეუშალოს ხელი?
_ უნდა იაქტიუროს. ახლა ბრძოლის ხაზი გადის საერთაშორისო ორგანიზაციებზე. უნდა მივმართოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. გაჩუმება აღარ გამოვა. ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს.