რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განმარტა, რატომ არის, რომ შეხვედრისას პუტინი ზოგ სტუმარს ხელს ართმევს, ზოგს კი რამდენიმე მეტრიანი დისტანციიდან ეკონტაქტება. ბოლო ასეთი შემთხვევა საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მოხდა. პუტინი და მაკრონი ერთმანეთისგან ექვსმეტრიანი მაგიდით იყვნენ დაშორებული.
დიმიტრი პესკოვის განმარტებით აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია:
“ალბათ უნდა განვმარტოთ, იმიტომ რომ ეს საკითხი დიდ ინტერესს იწვევს. მართლაც, ზოგ სიტუაციაში პუტინი სტუმრებს უშუალოდ ეკონტაქტება, ახლო დისტანციიდან, ბუხართან ზის წარმომადგენლობით კაბინეთში, ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ და ა.შ., ვიღაცასთან მოლაპარაკებები კი მაგიდასთან მიმდინარეობს. სინამდვილეში ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ზოგიერთ ლიდერს თავისი წესები აქვს და არ ითვალისწინებენ, რომ უნდა ითანამშრომლონ მიმღებ მხარესთან ტესტების გაცვლის მხრივ. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით, ეს ნორმალური მსოფლიო პრაქტიკაა, მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებითი ზომების პროტოკოლი მოქმედებს ჩვენი პრეზიდენტის და ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად. ასეთ დროს გამოიყენება დიდი დაშორება“ – თქვა პესკოვმა და დააკონკრეტა, რომ თეთრი მაგიდის სიგრძე 6 მეტრია.
პანდემიის დროს პუტინმა მაქსიმალურად შეამცირე ვიზიტებისა და პირადი შეხვედრების რაოდენობა და ღონისძიებების დიდ ნაწილს ონლაინ ატარებდა. შემდეგ კვლავ დაიწყო ღონისძიებებში მონაწილეობა, მაგრამ მონაწილეებს პრეზიდენტთან შეხვედრამდე ორი კვირა კარანტინში უნდა გაეტარებინათ.
ინტერფაქსთან საუბრისას პესკოვმა თქვა, რომ ემანუელ მაკრონმა უარი თქვა რუსული მხარისთვის კოვიდის პისიარ ტესტი ჩაებარებინა პუტინთან შეხვედრამდე.
მოლაპარაკებები რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ექვსმეტრიანი მაგიდის ფოტოებს, რომელიც ორ პრეზიდენტს ჰყოფდა, სოციალურ ქსელებში უამრავი მემი მოჰყვა.
პესკოვმა არ უპასუხა კითხვას, აბარებს თუ არა პუტინი საკუთარ პისიარ ტესტს სტუმრის მედპერსონალს.
მან თქვა, რომ დეტალებზე საუბარი არ სურს და არსებობს ურთიერთობის სხვადასხვა ფორმატი მათთვის, ვინც პრეზიდენტის და სტუმრების ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
პუტინს წლის დასაწყისიდან უკვე რამდენიმე შეხვედრა ქონდა უცხოელ კოლეგებთან. ახლო დისტანციაზე ის ყაზახეთის, ჩინეთის და არგენტინის ლიდერებს ეკონტაქტა. უნგრეთის პრემიერს, ირანის პრეზიდენტს და საფრანგეთის პრეზიდენტს კი მასთან ურთიერთობა ექვსი მეტრის დისტანციაზე მოუწიათ.