ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-მა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-სთან ერთად რამდენიმე ქვეყანამ ერთდროულად მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა. მათ შორის არიან გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლატვია, იაპონია და სამხრეთ კორეა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქემ “ახლავე უნდა დატოვოს ქვეყანა, სანამ კომერციული საშუალებები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია”.

ლატვიის მიერ გავრცელებულ გზავნილში წერია, რომ არსებობს “უსაფრთხოების კუთხით სერიოზული საფრთხე რუსეთის მიერ”. კიევიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა ისრაელმა.

გაზეთ Kyiv Post-ის თანახმად, შეერთებული შტატები ეუთოს უკრაინის სპეციალური სადამკვირვებლო მისიიდან ამერიკელების ევაკუაციას ახორციელებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, რუსული ძალები ახლა არიან “მდგომარეობაში, როდესაც მათ სამხედრო ქმედების განხორციელება შეუძლიათ“. მან მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. სალივანმა დასძინა, რომ ადმინისტრაციამ არ იცის, მიიღო თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეჭრაზე საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ თქვა, რომ კრემლი ეძებს საბაბს სამხედრო მოქმედების გასამართლებლად, რომელიც, მისი თქმით, შეიძლება დაიწყოს ინტენსიური საჰაერო დაბომბვით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share