პური კიდევ ძვირდება

უკიდურეს ნიშნულამდე გაძვირებული ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი. პურის ფასი ისევ იზრდება. მომატებული კომუნალური გადასახადები და ხორბლის დეფიციტი პურის მწარმოებლებს რთული არჩევანის წინაშე აყენებს.

ბიზნესი და ეკონომიკური ექსპერტები გარდაუვლად მიიჩნევენ პურ-პროდუქტების გაძვირებას, რაც დომინოს პრინციპით მალევე აისახება სრულ ბაზარზე. ხორბლის დეფიციტისა და მასზე საბაჟო გადასახადის გაზრდის გამო პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე ფასის ზრდისთვის ყველანაირი წინაპირობაა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახლა ჩვენი ქვეყანა  მთლიანად რუსეთის ბაზარზე ყოფილიყო დამოკიდებული. არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, გაზრდილი კომუნალური გადასახადების გამო კი, პურზე ფასის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

ამ დროის მონაცემებით, პურის ფასი საშუალოდ ლარი და 20 თეთრია. ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე ორჯერ – 10-10 თეთრით გაძვირდა. გაზრდილი კომუნალური გადასახადები, წარმოებისთვის საჭირო პროდუქტების გაძვირება, ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც პურის მწარმოებლები მალე იძულებულები გახდებიან პურზე ფასი კიდევ ერთხელ გაზარდონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share