ბოლო ერთი კვირის მონაცემების შეფასების შემდეგ, ეპიდემიოლოგები, მე-6 ტალღის პიკის დასრულებაზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ მომდევნო ორ კვირაში მდგომარეობა ეტაპობრივად დასტაბილურდა. პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით ვერსიები სხვადასხვაა. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ პანდემიის დასრულებას და ვირუსის დამარცხებას მხოლოდ ვაქცინაცია დააჩქარებს.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციები არ გამოჩნდება.
“ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივ მზადყოფნაში, იმისათვის რომ არ ვართ არაფრისგან დაცულები. თითოეული ვირუსი შეიცავს 30-დან 50-მდე, ან მეტ მუტაციას. ამიტომ იმის გარანტია, რომ ეს დასრულდება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. ვერავინ იტყვის, რომ კორონავირუსი ისე დასრულდება, მომავალში რაღაც ახალს არ მოგვცემს,” – აღნიშნა დევი ტაბიძემ.
სიფრთხილისკენ და ძალიან ოპტიმისტური დასკვნებისგან თავის შეკავებას ურჩევს საზოგადოებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც:
“ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება პანდემიის დასასრულის პერიოდი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული და ეს ჩვენ დაგვიცავს. ეს მოსაზრება “ომიკრონთან” დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე. “დელტა” არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევაში. ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში “დელტა”, მათი რისკი “ომიკრონით” ინფიციერებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც “ომიკრონიც” აღარ იყოს ბარიერი,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.