რა შემთხვევაში დასრულდება პანდემიის მწვავე ფაზა წელსვე

ჯანმოს ინფორმაციით, თუ მიმდინარე წლის შუა ზაფხულამდე მსოფლიო მოსახლეობის 70% აიცრა, მაშინ, შესაძლოა, პანდემიის მწვავე ფაზა წელსვე დასრულდეს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამის პერსპექტივა არის, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი საშიში შტამი არ წამოვა, აცრა კი დროულად მოხდება. რაც შეეხება „ომიკრონიდან” „ომიკრონის” რეინფიცირების შემთხვევებს, ლაბორატორიულად ჯერ საქართველოში დადასტურებული არაა, თუმცა, ინფექციონისტები იმედოვნებენ, რომ მსუბუქი მიმდინარეობის იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, თუ შუა ზაფხულამდე მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ვაქცინირებული იქნება, პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წელს დასრულდეს.

“ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება წელს, რა თქმა უნდა, ერთი პირობით, თუ წლის შუა პერიოდში, ივნის-ივლისში, ვაქცინაციის დონე 70 პროცენტს მიაღწევს.

„თუ ეს მოხდება, მწვავე ფაზა ნამდვილად შეიძლება დასრულდეს და სწორედ ამას ველოდებით. ეს ჩვენს ხელშია. ეს არ არის შემთხვევითობის საკითხი, ეს არჩევანის საკითხია”, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

საქართველოში არსებულ ვითარებას რაც შეეხება, დადებითობის მაჩვენებელი ნელ-ნელა მცირდება, ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც რამდენიმე დღეა თითქმის ერთ დონეზეა და მკვეთრი მატება არ ყოფილა.

შაბთს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 57 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.18%.პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 516 პირი ემსხვერპლა.

საკითხზე, რამდენად შეიძლება, რომ „ომიკრონგადატანილს” ისევ „ომიკრონი” შეეყაროს და ასეთი ტიპის რეინფიცირება საქართველოში თუ არის დაფიქსირებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რეზონანსთან” განმარტება გააკეთა.

„აქ ჯერ არა, მსოფლიოში აღწერილია ომიკრონის ერთი ვარიანტის მერე მეორე ვარიანტით ინფიცირება,” – განაცხადა იმნაძემ „რეზონანსთან”

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ის რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელსვე დასრულდეს, დამოკიდებულია იმაზე, წამოვა თუ არა ახალი უფრო სახიფათო შტამი.

„ვირუსმა იმდენად განსხვავებული მიმართულებები გვაჩვენა, შესაძლოა ეს ვარიანტი აღარ იყოს და მერე ახალი წამოვიდეს. მთავარია, რომ აცრა დროულად მოხდეს და ვირუსს განვითარების, ანუ მუტაციის შესაძლებლობა აღარ მიეცეს.”- განაცხადა ხმალაძემ.

ხმალაძისვე შეფსებით, „ომიკრონგადტანილის” ისევ „ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევა პრაქტიკაში ჯერ არ ჰქონია, თუმცა, ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე იმედოვნებს, რომ მსუბუქი იქნება.

“მე ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში ჯერ არ მქონია, ჯერ ასე აქტიურად არაა. ძირითადად “დელტა” და კლასიკური შტამით ადრე გადატანილი ხალხის რეინფიცირებაა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ერთი და ორი არაა. უმეტესწილად თითქოს უსიმპტომოდ, ან ნაკლებად გამოხატული სიმპტომატიკით მიმდინარეობს.

„თუ ომიკრონგადატანილი ისევ „ომიკრონით” დაინფიცირდება, ალბათ უნდა ვიფიქროთ, რომ შედარებით მაინც მსუბუქი იქნება. თვითონ შტამიც ჯერჯერობით მსუბუქად მიმდინარე დაავადების გამომწვევი აღმოჩნდა და თუ დაავადებულთა რაოდენობამ ძალიან მოიმატა და ისევ კიდევ რაღაცა მუტაცია თუ არ მოხდა და ასე გაგრძელდა, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცაღა, სამწუხაროდ გარდაცვლილები მაინც გვყავს.

„გარდაცვლითა რიცხვი მოიმატებს თუ მოიკლებს, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია. თუ გინდა ამას არა „ომიკრონი”, არამედ ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია დავარქვათ, საქართველოსთვის ყოველდღე ამდენი ადამიანის დაკარგვა ძალიან ბევრია, მაგრამ, ჩვეულებრივი გრიპით აშშ-ში ყოველ წელს 500 ათას ადამიანამდე კვდება.

„საქმე იმაშია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა და ამის ფონზე ლეტალობის ამხელა რიცხვი გასაკვირი არაა. ნუ გვავიწყდება, რომ 1000-1500 შემთხვევა იყო და გარდაცვლილთა რიცხვი მაშინ უფრო მაღალი იყო, როცა დელტა შტამი ცირკულირებდა” – განაცხადა მან.

ამბობს, რომ კორონავირუსის ბუნებიდან გამომდინარე, ცუდი სცენარისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.

„ყოველთვის ცუდზე უნდა ვიფიქროთ, რომ კარგი მივიღოთ. ვამბობდით, რომ ეს ტალღა რომ გადაივლის, მომდევნო აღარ იქნებოდა, ვერც წარმოვიდგენდით, რომ მუტაცია იქნებოდა და ასე სწრაფად შეცვლიდა. იმის ლაპარაკი, რომ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი კიარგად იქნება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ცუდი სცენარისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.

“თუმცა, ერთადერთი დადებითი ფაქტია, თუ ამას კარგი შეიძლება დაერქვას, ისაა, რომ ვირულენტურობა შემცირდა და გადამდებლობა გაიზარდა, სჯობს ადამიანმა ვირუსი გადაიტანოს, ვიდრე დაიღუპოს,” – განაცხადა ხმალაძემ.

„ანტივაქსერების აცრა სახელად – ომიკრონი. სამწუხაროდ ისეთივე უსაფრთხო არაა, როგორც ნამდვილი ვაქცინა. ვისაც ამ სხვაობის დანახვა შეუძლია, მალე აიცერით!!!” – წერს ალერგიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქზე.

ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება, ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

„როგორც მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.

„ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.

„გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ „პისიარ” ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.

„როგორც ცნობილია, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირებას სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმები ატარებენ. იმ სკოლებში კი, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება.

„მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი”,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სუმია სვამინატანი კი პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ მსოფლიომ პანდემიის დასასრულს ჯერ კიდევ არ მიაღწია, რადგან კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება.

„ჩვენ დავინახეთ ვირუსის განვითარება, მისი მუტაცია. ჩვენ ვიცით, რომ უფრო მეტი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდება. ასე რომ, პანდემიის დასასრულს ჯერ არ მივაღწიეთ”, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share