ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას “ცარიელ ქაღალდს” უწოდებს.
როგორც მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აღნიშნა, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან, თუმცა საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისინი ხმამაღლა ამბობენ, ვინ არის აგრესორი ქვეყანა.
“ვფიქრობ, ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა – ესენიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი და რა არის საფრთხე. საქართველოს უნდა სჯეროდეს რაღაცის. ვფიქრობ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამას იმსახურებს.
კარგად მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია. მესმის. ესტონეთს რუსეთისგან მდინარე ჰყოფს. ნორვეგიას რუსეთთან საზღვარი და საზიარო სანაოსნო წყლები აქვს… სხვა ქვეყნებიც არიან რუსეთის მზობლები, მაგრამ მათ მოახერხეს გამოსავლის გამონახვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს და მთიანი ლანდშაფტი აქვს. ქვეყანას უნდა სჯეროდეს რაღაცის. როცა მთავრობა რეზოლუციას გზავნის და უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არ ამბობს რის წინააღმდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს”, – ამბობს ბენ ჰოჯესი.
შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ისე შეიმუშავა და დაამტკიცა, რომ ტექსტში რუსეთი არ უხსენებია.