მცოცავი პუტინიზმი, – მსგავსი სათაურით გერმანულ მედიაში ბლოგს, მწერალი ლაშა ბუღაძე აქვეყნებს.
აღნიშნულ ბლოგში ბუღაძე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს მიმოიხილავს და ერთგვარ მოკლე ისტორიულ ანალიზს გვთავაზობს.
გთავაზობთ ამონარიდს:
“რუსეთის ტანკები ჩემი ქვეყნის დედაქალაქიდან 60 კილომეტრის მოშორებით დგანან. თვე არ გადის, რომ რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქეები არ გაიტაცონ, რომელნიც რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიას, ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარს არღვევენ.
ეს არსაიდან გაჩენილი საზღვარი კი მოძრავია, რადგან არავინ იცის, ზუსტად სად გადის უკანონო “მოძრავი ბერლინის კედელი”, როგორც მას საქართველოში უწოდებენ.
ახლაც კი, როცა ამ სიტყვებს ვწერ, პუტინის ჯარისკაცები თავიანთ შემზარავ მავთულხლართებს აბამენ მიტაცებულ მიწებზე, რომელთა აღმოცენების შემდეგაც ადამიანები იმ სახლებს კარგავენ, სადაც დაბადებიდან ცხოვრობდნენ. ამ პროცესს დამთრგუნველი სახელი – მცოცავი ოკუპაცია ქვია. მცოცავი პუტინიზმი, სადაც გაქრობისა და რუსეთის თავდასხმის საფრთხე ყოველდღიურობად არის ქცეული.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა 21 მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლეს თბილისის ცენტრში. ასობით ადამიანი კი მხუთავი აირით მოწამლეს, რადგან ისინი საქართველოს გამოყოფას ითხოვდნენ სსრკ-დან. მოკლულ დემონსტრანტთაგან ყველაზე უმცროსი 16 წლის იყო (რომელიც ძალიან დიდად მეჩვენებოდა მაშინ – თავად 11 წლისას), ყველაზე ხანდაზმული კი 75 წლის, თუმცა მათი მკვლელი გენერალი როდიონოვი, საბჭოთა პროპაგანდის მეშვეობით, საგულდაგულოდ მალავდა დაღუპულთა არსებობის ფაქტს.
ჩემი მშობლები, რომლებიც ამ მიტინგზე იყვნენ, სასწაულებრივად გადაურჩნენ დაღუპვას, მაგრამ მათ და ჩემს თაობას გაულეველ გამოწვევად გაჰყვა კრემლიდან მომავალი საფრთხე, რომელიც 30 წელზე მეტია გრძელდება.
ჩვენთვის დასავლეთი სწორედ ზნეობრივი სიცხადის მაგალითი იყო ყოველთვის და დღესაც ასეა, იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ შოკში გვაგდებს რომელიმე ევროპელი ექს-მინისტრის ცეკვა პუტინთან (ერთგვარი მეფისტო-ვალსი ამ უნიღბო მკვლელთან) და ანკი გერმანიის ყოფილი კანცლერის ხილვა რუსეთის გაზის კომპანიაში – ფულის წარმოშობის იმ წიაღთან, საიდანაც კრემლის ომები, შეკვეთილი მკვლელობები და პუტინისტური პროპაგანდა ფინანსდება.
მართალია, რუსეთის ტანკები ისე ახლოს არ არიან ცენტრალურ ევროპასთან, როგორც თბილისთან ან უკრაინის საზღვართან, მაგრამ ეს კი ალბათ ბევრისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ თუკი ეს ტანკები უკან არ დაიხევენ, ისინი კვლავაც გააგრძელებენ უბედურებათა მომტან გეოგრაფიულ და იდეოლოგიურ მსვლელობას ახლებური მონობის და სიცრუის გასავრცელებლად. და მერე კი მართლა ყველაფერი გვიან იქნება.
ჩვენი და კრემლის ურთიერთობის ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხშირად მიფიქრია, რომ ისინი სწორედ იქ იმარჯვებენ, სადაც ჩვენ ვყოფილვართ ბოროტებასთან არათანმიმდევრულები.
რადგან პრობლემა არა მათი ძალა, არამედ უმეტესად ჩვენი უძლურება და არამკაფიოობაა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ მორალური ნიშნით”, – წერს მწერალი ლაშა ბუღაძე.