თეა წულუკიანი რომ ოცნების საუკეთესო სახეა ყველა გაგებით, ახალი არავისთვისაა, თუმცა მან ეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა და ისიც მიგვანიშნა თუ საით მიდის ოცნების საქართველო. – ჩქარი ნაბიჯით ევროკავშირისკენ, რა იყო გაგიკვირდათ? ვხუმრობ, რა თქმა უნდა მოდერნიზებული ბოლშევიზმისკენ. მართალია წულუკიანი, ტყავის ლაბადაში გამოწყობილი მაუზერს არ ატრიალებდა, თუმცა ენა მაუზერზე ნაკლებად არ უხმარია.
ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ხელოვნებისა და კულტურის მუშაკები ორ ნაწილად გაყო: პოლიტიკურად ანგაჟირებულ, დაუმორჩილებელ რადიკალებად, ანუ ხალხის მტრებად და მდუმარე პროფესიონალებად, ანუ მშრომელებად, რომლებიც უკვე დიდი ხანია სწორედ ამ პირველების ცუდი მმართველობის მსხვერპლნი არიან და ისევე როგორც ქართულ კულტურას, ნაცმოძრაობის კლანჭებიდან გამოხსნა და გადარჩენა სჭირდებათ.
და საერთოდ, რა გაუკეთებიათ? ცნობილი ქართველი არქეოლოგი და ანთროპოლოგი დავით ლორთქიფანიძე უცებ ვიღაც ლორთქიფანიძე გახდა, რომელმაც რა და როგორ აღმოაჩინა წულუკიანის აზრით ჯერ კიდევ საკითხავია; არანაკლებ ტიტულოვანი იულონ გაგოშიძე, საბჭოთა გაგების მეცნიერად და რეტროგრადად მოინათლა; არც სხვები დაინდო და ამ კატეგორიას, ე.წ. დაუმორჩილებლებს – პროკურატურითაც დაემუქრა. არც აუდიტის სამსახურისთვის დაავიწყდა შეეხსენებინა, თუ სად და როგორ გადაგზავნოს მისი თქმით: “ეროვნულ მუზეუმში აღმოჩენილი დარღვევები”, სადაც, ბოროტი დირექტორი წლების განმავლობაში ამღვრეულ წყალში თევზს იჭერდა.
სხვათაშორის, დღეს გვაცნობეს, რომ ოცნების ქალთა ორგანიზაცია არსდება და წულუკიანზე საუკეთესო კანდიდატურა ამ სტატუსისთვის რთულად წარმოსადგენია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 10 თვეა რაც კულტურის მინისტრია, ბოლშევიზმის საუკეთესო ტრადიციებით სპეცორგანოს შექმნა უკვე მოასწრო: კულტურის სამინისტროს ქვედაყანოფი სახელად ფასეულობათა დაცვის ინსპექცია. და ისიც დაადგინა, რომ საერთოდაც, აუდიტის სამსახურის დასკვნების და სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად, ბუნებრივია ფასეულობათა დაცვის ინსპექციის უშუალო ჩართულობით უნდა გაირკვეს ვინ არის ნამდვილი ხელოვანი, თუ მეცნიერი და ვინ არა. კულტურის მინისტრი, მხოლოდ კულტურის მუშაკების “ჩარეცხვით” არ დაკმაყოფილდა. ისე ასეთი “ჩარეცხვა” მიშასაც არ დაესიზმრებოდა, მალევე გაახსენდა, რომ სპორტის მინისტრიცაა და პარტია ლელოს, პერსპექტივას თავი რომ დავანებოთ, ლამის სახელი და ლოგო ჩამოართვა. მერე პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს გადაწვდა და უნიჭო მასხარად მოიხსენია. აი შემდეგ ამერიკის პრეზიდენტს მიდგა და მწარედ გაკიცხა თავის დროზე საქართველოს “შუქურად” მოხსენიებისთვის. საპატრიარქოს გავლენიან იერარქებს მოეფერა და მადლობები უხადა, ნაცმოძრაობას ღრმა ძილი უსურვა, გახარია შეიცოდა. მოკლედ, სრული საარჩევნო კამპანია ჩაატარა და იმის იმედიც გამოთქვა, რომ 2024 წელს არჩევნები წინამორბედებივით უინტერესო აღარ იქნება, ჩამოყალიბდება ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც შეძლებს და მის ოცნებას კონკურენციას გაუწევს.
შეიძლება ვინმე მართლა ფიქრობდეს, რომ კომისარი წულუკიანი კულტურის ან ხელოვნების სფეროს მუშაკებს, ან მეცნიერებს ან თუნდაც პოლიტიკოსებს ებრძვის. ცდებით მეგობრებო, სინამდვილეში ის ზუსტად იმ პირველ ევროპელებს ერჩის, რომელთა მპოვნელ-აღმომჩენსაც დაჭერით ემუქრება. ზეზვას და მზიას ებრძვის, რომლებიც, დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ შემთხვევით შემოეხეტნენ საქართველოში და გზა ვეღარ გაიგნეს ნამდვილი ევროპისკენ. როგორ? ჩვენ არ ვართ ნამდვილი ევროპაო – შემისწორებთ ალბათ. მაგრამ რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ – დავინახავთ, რომ ნამდვილი ევროპელობა კომუნისტურ წარსულზე, შევარდნაძისეულ ჭაობსა და კორუფციაზე და მიშას დროინდელ ავტორიტარიზმზე უარის თქმას ნიშნავს. ქალბატონი წულუკიანი კი, ოცნების ნამდვილი სახე, პირდაპირ ბოლშევიკურ წარსულში გვაბრუნებს, რაც დრო გადის – უფრო მეტად ვეფლობით ჭაობში და კიდევ უფრო ღრმა ავტორიტარიზმში ვბრუნდებით, სადაც ქვეყანას არჩეული პარლამენტი და მთავრობა კი არა, მათი და ყველას დირექტორი, მილიარდერი მართავს. ჰოდა, დღეს ზეზვას და მზიას სულებს რომ გადმოახედათ საქართველოზე, დარწმუნებული ვარ გულები დაუსკდებოდათ და იმასაც იფიქრებდენ, რომ თავის დროზე აფრიკიდან წამოსულებს ნამდვილად გზა აებნათ, რადგან დღეს ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება ყველაფერია ევროპისა და ევროპელობის გარდა.
ფორმულა