პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით წელს მთავრობის მთავარი საზრუნავი “აქტიური დასაქმების პოლიტიკა” იქნება. მისი თქმით, პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასასაქმებლად ახალ პროგრამას იწყებენ.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 000-ზე მეტი შრომისუნარიანია, თუმცა დემოტივირებულები არიან, რომ ლეგალურად დასაქმდნენ.
“პირველი მარტიდან ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას საზოგადოებრივ სამუშაოების დასაქმების მასშტაბურ პროგრამას. […] საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, პროგრამით 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე შრომისუნარიანი პირები ისარგებლებენ, რომელთაც შშმ პირის სტატუსი ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა არ აქვთ.
მთავრობის პროგნოზით, სულ 200 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
“პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის და სხვა სამინისტროები მოახდენენ 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას და ჩვენ შეიძლება წელს 100 000-ზეც კი გავიდეთ, ლიმიტი ჩვენ არ გვაქვს რეალურად”, – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საზოგადოებრივი სამუშაო სოციალური დახმარების შეწყვეტას არ განაპირობებს და ის მოსარგებლე ოჯახს 4 წელი შეუნარჩუნდება.