ზემო ნატანებში საჯარო სკოლა გაქურდეს.
როგორც “გურიის მოამბეს” ადგილობრივებმა გვაცნობეს, ზემო ნატანების საჯარო სკოლა მიმდინარე წლის დასაწყისში, იანვრის თვეში გაქურდეს. სკოლიდან წაღებულია გათბობის სისტემის რადიატორები.
როგორც სკოლის დირექტორმა, ლაშა ბოლქვაძემ “გურიის მოამბეს” განუცხადა, ზარალმა 770 ლარი შეადგინა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სკოლის გაქურდვის ფაქტზე დაკავებულებს საპროცესო გარიგება შეუფარდა. ამჟამად ოთხივე დაკავებული ადგილობრივი – დ. ბ; ე.კ; ო.კ. და შ. მ. საკუთარ საცხოვრებელ სახლებში იმყოფებიან.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოთხივე ბრალდებული ”ქართული ოცნების” აქტივისტია და ბოლო არჩევნებზე ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ.
სკოლის დირექტორი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქურდობისთვის დაკავებული ოთხივე ახალგაზრდა ადგილობრივები არიან. თუმცა არც ადასტურებს და არც უარყოფს, რომ ისინი “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან. ლაშა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ის ვერაფერს იტყვის ამ ადამიანების პოლიტიკურ შეხედულებებზე.
ამჟამად, სკოლის დირექტორი ლაშა ბოლქვაძე კოვიდინფიცირებულია და ის იზოლაციაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, მასთან უშუალო კონტაქტი და გასაუბრება ჟურნლისტებმა ვერ მოვახერხეთ.
ასევე კონტაქტზე და გასაუბრებაზე უარს ამბობენ იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სკოლის ქურდობაში ამხილა.
მათი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების ფაქტს, ზემო ნატანებში მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების ჩარევით ხსნიან.