კოსანდილე, ვლასა და ჭიჭიკო იმნაძეები – მენშევიკური პარტიის წევრები ლანჩხუთიდან

გვიმბალაურელ კოსანდილე იმნაძეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მენშევიკური პარტიის წევრებთან, მის ლიდერთან ნოე ჟორდანიასთან. მისი შვილები ვლასა და ჭიჭიკო ამ პარტიის წევრები იყვნენ.
ვლასა იმნაძემ სამხედრო განათლება მიიღო რუსეთში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში დაამთავრა საინჟინრო სასწავლებელი და სამშობლოში ინჟინრის დიპლომით დაბრუნდა. მუშაობდა თბილისში, შემდეგ ჩაება სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმიანობაში. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესში. იგი იყო გვარდიის კაპიტანი და მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ვლასა იყო ნოე ჟორდანიას პირად დაცვაში, რომელიც ძირითადად გურულებით იყო დაკომპლექტებული.
ვლასა იმნაძემ 1918 წ. ოსმალეთის წინააღმდეგ ომის დროს დიდი როლი შეასრულა ბათუმის დაცვის საქმეში. იგი მოხსენიებული ჰყავს მწერალ ალ. ქუთათელაძეს წიგნში ,,პირისპირ”.
საქართველოს ანექსიის შემდეგ ვლასა მარსელამდე გაყვა ჟორდანიას. შემდეგ მან ქართველ ემიგრანტებთან ერთად დაიდო ბინა ლევილში. 1933 წელს ვლასას დედა გარდაეცვალა, რის შესახებაც შეიტყო გაზეთ ,,კომუნისტით”, რომელიც იგზავნებოდა საფრანგეთში. მშობლებზე უზომოდ შეყვარებულმა შვილმა ძალიან განიცადა დედის სიკვდილი. ორი წლის შემდეგ, 1935 წელს ვლასა გარდაიცვალა გულის მძიმე დაავადებით. იგი დაკრძალულია ლევილში.
მიხეილ(ჭიჭიკო) იმნაძეს დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია, შემდეგ კომერციული სასწავლებელი. ჯერ მუშაობდა ლანჩხუთში მამასთან ერთად, შემდეგ თბილისში წავიდა და შევიდა ეროვნულ გვარდიაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან ტყეს შეაფარა თავი.
მოუსვენარმა და შფოთიანმა ცხოვრებამ მის ჯანმრთელობაზე მძიმე გავლენა იქონია, დაავადდა ტუპერკულიოზით და 1927 წელს გარდაიცვალა.
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share