რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ევროპას გაზსადენ Nord Stream 2-ის შეჩერებით 1000 კუბური მეტრის მოცულობის გაზში 2000 ევროს გადახდა მოუწევს. ამის შესახებ მედვედევი „ტვიტერზე“ წერს.
„გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გასცა ბრძანება რომ შეჩერდეს Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირება. კარგი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში, სადაც ევროპელები მალე 1000 კუბურ მეტრ გაზში 2000 ევროს გადაიხდიან“, – წერს მედვედევი.
Bloomberg-ის გამოთვლებით და ბოლო მონაცემებით, ამჟამად ევროპაში 1000 კუბური მეტრი გაზი 830 ევრო ღირს.
ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ ბუნებრივი აირის იმპორტის დაახლოებით 40% მოდის რუსეთზე. დანარჩენი კი ნორვეგიასა და ალჟირზე.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ გადადგა ნაბიჯები Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შესაჩერებლად. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა იღებს ზომებს უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ.
bm.ge