ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ბუსტერ დოზას აზრი არ აქვს, ვინაიდან ადამიანები მაინც ინფიცირდებიან.
მან უგულებელყო უცხოელი და ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებები, რომ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ბუსტერ დოზა აუცილებელია.
“ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც ხუთი მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როცა მოვედი. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი ფაიზერით. მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რეალურად რა არის ომიკრონი, ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასასრულის დასაწყისი. ის, რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის ნათქვამი და სხვა ყველასი.
ერთი მინისტრია, გვარს არ ვიტყვი. 4-ჯერ იყო აცრილი და მაინც დაემართა ომიკრონი.
მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი, სიმართლის მომხრე ვარ მე, მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი, მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება მოსახლეობას ზედმეტი ახსნები, უყურებს ყველა და ყველა ანალიზს უკეთებს, რაც ხდება მსოფლიოში.
მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, ომიკრონზე უბრალოდ არ მუშაობს, თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ“. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.