უკრაინულ და რუსულ მხარეთა შეხვედრა ბელარუსში არ შედგება – უკრაინა უარზეა. მიზეზი რუსეთთან მეგობრობა და უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაა. რუსული დელეგაცია უკვე ბელარუსშია, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი ამ შეთავაზებას არ იღებს. ოფიციალური კიევი მტერთან მოლაპარაკებას დათანხმდება მხოლოდ იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, საიდანაც უკრაინის მისამართით რაკეტებს არ ისვრიან.
“ღამე უკრაინაში სასტიკი იყო – იყო სროლები და კვლავ იბომბებოდა დასახლებული პუნქტები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არ არის არცერთი ობიექტი, რომელზეც ოკუპანტები არ ფიქრობენ, ისინი ყველას წინააღმდეგ იბრძვიან. ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ ჩვენს მხარეს არ ხართ, თქვენი ტერიტორიებიდან რუსი სამხედროები რაკეტებს უშვებენ, კლავენ ჩვენს ბავშვებს და ანგრევენ სახლებს. ყველაფრის აფეთქებას ცდილობენ, რაც ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა ჩვენი და თქვენი მამების მიერ, ეს ყველაფერი თქვენთვის დე ფაქტო რეფერენდუმია.
თქვენ წყვეტთ, თუ ვინ ხართ თქვენ. როგორ შეხედავთ თვალებში თქვენს ბავშვებს, ერთმანეთს, მეზობლებს, ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ, უკრაინელები. იყავით ბელარუსი და არა რუსეთი, რასაც თქვენ აკეთებთ ზუსტად ახლა, დღეს.
ახლა ბევრი სიახლეა რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც შეუძლია ომი დაასრულოს და დაგვიბრუნოს მშვიდობა. ისინი ხშირად ახსენებენ თქვენს დედაქალაქ მინსკს, როგორც პლატფორმას მოლაპარაკებებისთვის, რომელიც არც ჩვენ და არც თქვენ არ აგირჩევიათ, ეს აირჩია რუსეთის ხელისუფლებამ. თქვენი ტერიტორიებიდან აგრესიული ქმედებები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შეგვეძლო საუბარი მინსკში,”-აცხადებს ზელენსკი.