მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც ბოლო წუთამდე ჩაშლის ზღვარზე იყო, საბოლოოდ მაინც დაიწყო. მხარეები ბელარუსის ქალაქ გომელთან, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ. ამის პარალელურად კი რუსეთი მსოფლიოს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს – კვირას პრეზიდენტმა პუტინმა შეკავების ძალების მორიგეობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ბრძანება გასცა.
შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს დასავლეთის სანქციებს. ორშაბათიდან ბირჟების ამუშავებასთან ერთად სპეციალისტები ამ სანქციების პირველ და რუსეთისთვის მეტად მტკივნეულ შედეგებს პროგნოზირებენ, რაც შესაძლოა რუბლის კურსის ნახტომისებულ დაცემასა და რუსული ბირჟების ჩამოშლაში გამოიხატოს. ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მოსკოვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინასთან რაიმე შეთანხმების მიღწევა.
ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის ხელისუფლება ჟენევაში მეომარი ქვეყნების პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს.
ბირთვული შანტაჟი
რუსეთის შეკავების სტრატეგიული ძალები განკუთვნილია რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიმართ აგრესიის შესაკავებლად და აგრესორის განადგურებისთვის, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით. კვირას პუტინმა სწორედ ამ ძალების საგანგებო მდგომარეობაზე გადაყვანის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ნატოს მოწინავე ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიულ გამონათქვამებს უშვებენ, ამიტომ, თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს რუსეთის არმიის შეკავების ძალებს სამხედრო მორიგეობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ბრძანებას ვაძლევ”, – განაცხადა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ლიდერმა და რუსეთის უახლოესმა მოკავშირე ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე გააკეთა განცხადება შესაძლო ბირთვული ომზე და განაცხადა, რომ დასავლეთი ამისკენ თავად უბიძგებს რუსეთს.
„ახლა ბევრს ლაპარაკობენ საბანკო სექტორზე – გაზზე, ნავთობზე SWIFT-ზე… ეს ხომ ომზე უარესია. ეს რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს. ამიტომ ახლა ყველანი თავშეკავებული უნდა ვიყოთ, რომ არ „გავიჩალიჩოთ”. იმიტომ, რომ ბირთვული ომი – ეს დასასრულია”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მოლაპარაკება გომელში
უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე მოლაპარაკებისას რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს, უკრაინისას კი – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი.
კვირას შუადღისას მედინსკიმ უკრაინული მხარე შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ულტიმატუმიც წაუყენა – თუ უკრაინელები ადგილობრივი დროით 15:00-მდე არ ჩავიდოდნენ გომელში, მომავალ სისხლის ღვრაზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდათ. მედინსკი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ამ ვადის გასვლამდე ორიოდე წუთით ადრე შეატყობინეს, რომ შეხვედრაზე თანახმა იყვნენ.
„უკვე 3 საათი ხდებოდა, როდესაც მოგვივიდა ინფორმაცია უკრაინული მხარისგან, რომ მოლაპარაკების გამართვაში დაინტერესებული იყვნენ. შეხვედრა გაიმართება გომელში, როგორც თავიდანვე ვვარაუდობდით”, – განაცხადა მედინსკიმ.
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალური კიევი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა გომელში დელეგაციის გაგზავნას, რაც მოსკოვმა მოლაპარაკების გამართვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მოხსნა, რომლის მიხედვითაც უკრაინულ არმიას წინააღმდეგობა უნდა შეეწყვიტა და იარაღი უნდა დაეყარა. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა” წერს პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
რატომ იყო მოლაპარაკება ჩაშლის ზღვარზე
კვირას დილით რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოფიციალურ კიევთან ბელარუსში მოლაპარაკების გამართვაზე შეთანხმდნენ და მათი დელეგაცია უკვე ადგილზე იყო, თუმცა უკრაინელები არსად ჩანდნენ.
ამის საპასუხოდ კიევში განაცხადეს, რომ ასეთი შეთანხმება არ არსებობდა და რუსების დელეგაციის ბელარუსში ჩასვლა უბრალოდ მოლაპარაკების თემით მანიპულირება იყო.
პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეთავაზებებზე, რომ მოლაპარაკებები ბელარუსში გამართულიყო, ორი მიზეზით თქვა უარი. პირველი მოლაპარაკებების ლოკაციაა, რადგან ამ ომში ბელარუსი პრაქტიკულად რუსეთის მოკავშირეა. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო მომენტში რუსებმა მოლაპარაკების ახალი წინაპირობა წამოაყენეს – უკრაინის არმიას წინააღმდეგობა უნდა შეეწყვიტა და იარაღი დაეყარა.
კიევში აცხადებდნენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, ოღონდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ყოველგვარი წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი აცხადებდა, რომ ასეთ ფორმატზე საუბარი მართლაც იყო, მაგრამ ოფიციალური კიევის წარმომადგენლები ბელარუსში მოლაპარაკებებისთვის არ წავიდოდნენ. მისივე თქმით, უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ არის მზად რაიმე წინაპირობის მოსასმენად. ეს ასევე მოლაპარაკებების ადგილსაც ეხება.
„ასეთი ფორმატი ნამდვილად იყო განხილული, მაგრამ ბოლო მომენტში რუსმა მომლაპარაკებლებმა წამოაყენეს მოთხოვნა – ჯერ უკრაინის არმიას იარაღი უნდა დაეყარა. ამის გამო მათ მაშინვე მიიღეს პასუხი, რომ „რუსულ სამხედრო ხომალდს გაჰყოლოდნენ”.
„მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები დემონსტრაციულად გამოიყურება. მათი გომელში ჩასვლა არის მხოლოდ ინფორმაციული ზეწოლა და მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა უკრაინაზე გადაიტანონ.
„ჩვენ ვერ წავალთ ბელარუსში, საიდანაც ჩვენს ტერიტორიაზე თვითმფრინავები და რაკეტები მოფრინავენ. ეს ასევე ეხება ჩვენი დელეგაციის უსაფრთხოების საკითხებსაც, უნდა ვენდობოდეთ მასპინძელი ქვეყნის გარანტიებს. ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ასეთი გარანტიები თითქმის არაა.
„უკრაინის პოზიცია უცვლელია – ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ ნეიტრალურ ადგილზე: ბაქოში, სტამბოლში, ვარშავაში, ვენაში… თქვენ გააგრძელეთ. ჩვენ ვაგრძელებთ მოწვევის პროცესს, რომ რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან მისი სამხედროების სიცოცხლე გადაარჩინოს. ყოველი დაგვიანებული დღე რუსეთის ფედერაციას გამოუსწორებელი ადამიანური და ეკონომიკური ზარალი დაუჯდება”, – განაცხადა ზელენსკის პრესსპიკერმა.
ამას მოჰყვა რუსების ულტიმატუმი – რომ უკრაინელთა დელეგაციას 1%:00-მდე დაელოდებოდნენ.
ამის შემდეგ გაიმართა სატელეფონო საუბარი ზელენსკისა და მის ბელარუს კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის და, სავარაუდოდ, უკრაინულმა მხარემ ამის შემდეგ გადაწყვიტა მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნა.
როგორი იქნება ზავი და იქნება თუ არა საერთოდ
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „მთელ კვირასთან” აცხადებს, რომ, პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა შედგეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შემდგომი მოლაპარაკებების საგანი კი უამრავი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ – ულტიმატუმებისა და მოთხოვნების გარეშე.
„პირველი და სასწრაფო ისაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს, რომ ეს ხოცვა-ნგრევა შეწყდეს. მეორე ისაა, რომ უპრინციპულესი საკითხია, რომ რუსეთმა ჯარის გაყვანა დაიწყოს. სხვა თემები უკვე შემდგომი მოლაპარაკების საგანია და უამრავი რამ შეიძლება, იყოს.
„რუსეთი სულ მინსკის შეთანხმებებზე საუბრობდა. უკრაინამ ამაზე უარი თქვა და აბსოლუტურად სწორი იყო, რადგან თავიდან, როცა ეს შეთანხმება ჩამოყალიბდა, რუსეთმა ტრადიციულად შექმნა დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად უკრაინის სუვერენიტეტის რუსეთისთვის დამორჩილებას ნიშნავდა.
„ამ ხელშეკრულებიდან რუსეთს ის ელემენტები რომ ამოეღო და შეეცვალა, ეს გზა შეიძლებოდა განვითარებულიყო და შემდგომ რაღაც პოზიტივამდე მისულიყვნენ, მაგრამ რუსეთმა ეს არ მოინდომა, რადგან მისი მთავარი მიზანი ის მუხლები იყო და არა სხვა.
„რუსეთი და უკრაინა შეიძლება, შემდგომ ურთიერთობებზე შეთანხმდნენ, ოღონდ ამ ულტიმატუმებისა და მოთხოვნების გარეშე. უკრაინა თავის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტზე საუბარი ზედმეტია.
„რუსეთმა ულტიმატუმი უნდა შეწყვიტოს – „თქვენ ნატო-ში არ შეხვალთ” და ა.შ. ეს მისი საქმე არაა, მან თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს და მშვიდობიანად უნდა შეეცადოს, რომ უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს. ესაა მიზანი, რომელიც მიღწეული უნდა იქნას.
„ეს რთული არაა, თუმცა რუსეთს ამისათვის ძირითადი პრინციპებიდან უკან დახევა მოუწევს, მაგრამ ეს გარდაუვალია. ამის გარეშე უბრალოდ, მშვიდობა ვერ დამყარდება. რუსეთმა თავის იმპერიულ განზრახვაზე – საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ხელი უნდა აიღოს. ჩვენ გვესმის, რომ ახლანდელი ომი მხოლოდ კიევის აღება-არაღებასა და უკრაინის დაპყრობა-არდაპყრობაზე არაა, ესაა ომი იმაზე, თუ ხვალინდელი ევროპა როგორი იქნება.
„ხვალინდელი ევროპა მშვიდობიანი და დაწყნარებული ვერ იქნება, თუკი რუსეთი ისეთივე იმპერიალისტური იქნება, როგორიც დღესაა. ამგვარი რუსეთი ადრე თუ გვიან რაღაც უბედურებას მაინც მოაწყობს. მოაწყობს საქართელოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ცენტრალურ აზიაში ან _ სადაც გნებავთ.
„ახლა დადგა მომენტი, როცა მსოფლიომ ასეთი პერსპექტივა, ბოლოს და ბოლოს, აღკვეთოს. სამწუხაროდ, 1990 წელს დასავლეთმა ეს ეფექტურად ვერ შეძლო, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ რუსეთი დარჩა თავისი ამბიციებით, ატომური ბომბით… უფრო მეტიც, დასავლეთი მიეხმარა კიდეც, რომ უკრაინას, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებს ბირთვული იარაღი ჩაებარებინათ, რუსეთს კი მთელი საბჭოთა ბირთვული არსენალი დარჩა.
„ამის მერე დაახლოებით 10 წელიწადში მას სულ სხვა ამბიციები გაუჩნდა. მსოფლიომ ამით გაკვეთილი უნდა ისწავლოს, ეს ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის მომავლისთვისაა”, – განაცხადა მენაღარიშვილმა.
კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში რუსეთმა რამდენად შეიძლება დაიხიოს უკან და თავისი მოთხოვნები უკან წაიღოს, მენაღარიშვილმა განაცხადა:
„იძულებული უნდა იყოს. ჯერჯერობით, რა ნაბიჯიც დასავლეთმა გადადგა, რუსეთისთვის დამანგრეველია, ვნახოთ. ის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც შემოიღეს, ფაქტობრივად რუსეთის პერსპექტივას გაანადგურებს, იქ კი საზოგადოება და ხალხია, რომელმაც ხმა უნდა ამოიღოს და საკუთარ ხელისუფლებას უკარნახოს, რომ ჭკუაზე მოეგოს, მსოფლიოს ამის იმედი აქვს”.
წყაარო: რეზონანსი