”შეიქმნას პროგრამა,რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირებისათვის საჭირო სერვისების ჩამოყალიბებას” – სოფიო ქარცივაძე

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, პარტია “საქართველოსთვის”  წევრი, სოფიო ქარცივაძე, დღეს საკრებულოს სხდომაზე,  შშმ პირების საკითხებზე მომუშავე პროგრამის და მათთვის საჭირო სერვისების შექმნის ინიციატივით გამოვიდა:
”სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ ახლა, როცა ყველას გონება და გული უკრაინაში განვითარებული მოვლენებისკენაა მიმართული, არ შემიძლია არ აღვნიშნო, უკრაინელი ხალხის, ჩვენი მეგობარი ერის სიმამაცე და თავდადება. დიდება უკრაინას🇺🇦, დიდება გმირებს და მშვიდობა მთელ მსოფლიოს!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოება დგას ისეთი მტკივნეული პრობლემის წინაშე, როგორიც არის შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალური დახმარების უზრუნველყოფა .
მოგეხსენებათ ,რომ შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი ,თუმცაღა თბილისში არის მცდელობა შშმ პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი გარკვეული პროგრამები.მაგრამ რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, არათუ შშმ პირების უფლებების დაცვა და მათთვის შესაფერისი პროგრამები არ არსებობს ,არამედ ყველაზე მცირე ,სტატისტიკა და საჭიროებებიც კი არ არის იდენტიფიცირებული.ამ მხრივ არც ოზურგეთია გამონაკლისი. ასეულობით შშმ პირია ოზურგეთში ,რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას ,მათ შორის რეაბილიტაციას საჭიროებს.
ვინაიდან საკრებულო არ არის ის ორგანო ,რომელიც შეძლებს შშმ პირებისთვის საჭირო სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნას ან მსგავსი მომსახურების შეთავაზებას და არც მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნია ისეთი რესურსები ,რომ მსგავსი ცენტრების მშენებლობა დააფინანსოს ,ჩვენ ისღა გვრჩება ,რომ გამოვიდეთ ინიციატივით ,შეიქმნას პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში შშმ პირებისათვის საჭირო სერვისების ჩამოყალიბებას .
მსგავსი პროგრამები არსებობს დედაქალაქშიც, პროგრამის არსი უნდა იყოს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით , შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსება, შშმ პირთა საჭიროებების უზრუნველყოფა, არსებული აიპების კონტროლი, გასაუბრება მშობლებთან, შეჯამება -ანალიზის გაკეთება და პრიორიტეტის განსაზღვრა ,შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ადაპტირება,ყველა საჭირო შენობაში ,ტროტუარებსა და მოსასვენებელ ადგილებში სათანადო ბილიკების მოწყობა ადაპტირებული საპირფარეშოების განთავსება და ასე შემდეგ.
ფრაქციამ, ამ საკითხზე მუშაობის პროცესში ინფორმაციის მოსაგროვებლად მიმართა მრავალ უწყებასა და ორგანიზაციას ,მათ შორის ,საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს,საქართველოს სტატისტიკის სამსახურს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქველმოქმედო ასოციაცია “გურია”-ს
აქვე მინდა ხაზი გაუსვა ,რომ ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად , ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ არის იდენტიფიცირებული რამდენი შშმ პირი ცხოვრობს .
არ არის იდენტიფიცირებული მათი კონკრეტული საჭიროებები.
არ არის შემუშავებული შშმ პირების საჭიროებების უზრუნველყოფის პოლიტიკის დოკუმენტი.
მათ საჭიროებებზე ბიუჯეტში არის მხოლოდ ზოგადი მუხლით განსაზღვრული თანხა, რომელიც იხარჯება კონკრეტული მიმართვის საფუძველზე .
ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პროცესში ჩვენი ფრაქცია წააწყდა მრავალ პრობლემას ,რის გამოც დავსახეთ მათი გადაჭრის გზები, კერძოდ:
პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ახალი კვლევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების შესახებ, რა რაოდენობის შშმ პირი ცხოვრობს ,სად ცხოვრობს და რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ .
უნდა განხორციელდეს მუნიციპალური პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა ,შემუშავება შშმ პირების დახმარების და საჭიროებების უზრუნველყოფის შესახებ (ინფრასტრუქტურული ადაპტაცია, ტრანსპორტის ადაპტაცია,ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა,მედიკამენტოზური დახმარება, შესაძლებლობის ფარგლებში დასაქმება და სხვა).
დახმარების გაცემის წესი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
აუცილებელია მუნიციპალურ ბიუჯეტში პოლიტიკის დოკუმენტის გათვალისწინებით კონკრეტული საჭიროებების მიხედვით მიზნობრივი მუხლების განსაზღვრა .
მოგახსენებთ ,რა ზემოთაღნიშნულს მოგმართავთ მთელს დეპუტაციას წინადადებით,ჩაერთოთ ამ მტკივნეული საკითხის მოგვარების პროცესში და მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებებიც ამ პრობლემის გადასაჭრელად.
ვიმედოვნებ ,რომ ჩვენი თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება. ჩვენ შევძლებთ საზოგადოებისთვის ამ უკიდურესად მტკივნეული პრობლემის -შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დახმარების უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრას.” – განაცხადა სოფიო ქარცივაძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share