დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ – ჰააგის სასამართლომ უკრაინაში რუსების მოქმედების გამოძიება დაიწყო

უკრაინაში რუსები გაეროს კონვენციით აკრძალულ იარაღს იყენებენ. საჰაერო იერიში ხორციელდება არასამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურაზე და სამოქალაქო ობიექტებზე – საავადმყოფოებზე, სკოლებზე, საცხოვრებელ სახლებზე. ამან განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათი მიიღო ბოლო 2 დღის განმავლობაში, რის შედეგადაც მკვეთრად იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის ხელისუფლებამ უკვე მიმართა სარჩელით ჰააგის სასამართლოს და გამოძიებაც დაწყებულია. იურისტები  ამბობენ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, სამხედრო დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად ატარებს.

„რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთს დაევალება შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, – განაცხადა სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები – საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი უბნების და არასამხედრო ინფრასტრუქტურის ზონების დაბომბვით – გენოციდის ნიშნებს ატარებს.

უკრაინაში კი რუსეთის სამხედრო შემოჭრის მეექვსე დღე გრძელდება.

რუსი აგრესორების ჯავშანტექნიკის კოლონამ შეანელა სვლა და ლოჯისტიკური პრობლემების გამო. მტრის ჯარი საწვავისა და საბრძოლო მასალის მიწოდების პრობლემებს განიცდის.

ხარკოვისა და ჩერნიგოვის რეგიონალური ცენტრების აღებაში რომ ვერ მიაღწიეს წარმატებას, ოკუპანტებმა ქალაქების საცხოვრებელ უბნებს ესროლეს რაკეტები.

რუსი დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის ქალაქების სუმის, ლებედინისა და ახტირკას ალყას, მტერი გადაჯგუფებულია, რათა განაგრძოს შეტევა კიევის მიმართულებით.

აღმოსავლეთის ფრონტზე მტრის ჯარები უკრაინის ქალაქ მარიუპოლის აღებაზე კონცენტრირდნენ, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის დმინისტრაციულ საზღვრებთან მიახლოება, რაც არ იქნა მიღწეული.

ხერსონის მიმართულებით მტერმა მიაღწია ხაზს სკადოვსკის, გოლაია პრისტანის, ხერსონის, ნოვაია კახოვკას დასახლებების რაიონებში. აგრძელებს შეტევას ნიკოლაევის მიმართულებით.

ამის პარალელურად კი სამოქალაქო და საცხოვრებელი სახლების დაბომბვა მიდის. ხარკოვის ცენტრში ბომბი ჩამოვარდა, რომელიც ქალაქის მერიის შენობის გასანადგურებლად იყო განკუთვნილი. ასევე იგივე ქალაქში ბომბი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხანას დაეცა, სადაც, სავარაუდოდ, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

28 თებერვალს, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს უკვე ემსხვერპლა სულ მცირე 352 მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულებს შორის 14 ბავშვია. 28 თებერვლის მონაცემებით, დაჭრილია 1700-მდე ადამიანი, მათ შორის, 116 ბავშვი.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინა ნახევარმა მილიონმა მოქალაქემ დატოვა. ისინი ცდილობენ მეზობელ ქვეყნებში იპოვონ თავშესაფარი. უკრაინაში დარჩენილი მოსახლეობა კი მეტროს სადგურებში, სარდაფებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომებში ემალებიან რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ნატყორცნ ბომბებს.

ბომბები ცვივა დასახლებულ პუნქტებში, ქუჩებში, ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. ბომბები ეცემა საცხოვრებელ კორპუსებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. 28 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის რეგიონის ქალაქ ოხტირკის დაბომბვისას ჟენევის კონვენციით აკრძალულ ე.წ. ვაკუუმური ბომბები გამოიყენეს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი  აცხადებს, რომ დღეს რასაც უკრაინაში თვალს ვადევნებთ, ამაში სამხედრო დანაშაულის ნიშენები ნამდვილად არის.

„5 მუხლია, რომელიც შეგვიძლია გადავაჯგუფოთ და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ვუწოდოთ. რუსეთის სამხედრო შეჭრის განმავლობაში ეს დანაშაულებები უკვე ჩანს. საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლემ ზელენსკის  განცხადების საპასუხოდ გუშინვე „ტვიტერში“ დაწერა, რომ სასამართლომ გამოძიება უკვე დაიწყო.

„უკრაინას ერთი განცხადება უკვე წარდგენილი აქვს 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით. შემდგომი უკვე 2018 წლის განცახდებაა და ახლა უკვე ზელენსკის  გუშინდელი განცხადება, რომელიც მოსამართლის თქმით გაერთიანდება.

„ტყუილი მოლოდინი რომ არ შევქმნათ, ეს უკანასკნელი არ არის სწრაფი და პერსონალურად ვინმეს მიმართ დაწყებული გამოძიება. ეს არის ცნობილი სასამართლო, სადაც საქართველო-რუსეთის საქმის განხილვაც მიმდინარეობს. ფატუ ბენსუდა ვიცით საქართველოშიც იყო ჩამოსული. შესაბამისად, ამ საქმის წარმოება ხანგრძლივ დროს დაიკავებს და ეს ადვილი არ იქნება.

„ეს არის სასამართლო, რომელიც თავის თავში 2 ფუნქციას მოიცავს. ფაქტების დადგენა, გამოძიება, მერე ამ ფაქტებზე მსჯელობა, შეფასება და მეორე ეტაპზე გადასვლა, რომელსაც უკვე მართლმსაჯულების ფუნქცია აქვს. პროკურატურა და სასამართლო ამ ინსტიტუციაში ერთად არის თავმოყრილი.

„საქართველოს შემთხვევაში პირველი ნაწილი დასრულებულია და მეორეზე ვართ გადასული, სადაც პერსონალური დამნაშავეები უნდა  იქნენ  დადგენილები. თუმცა უკრაინა ჯერ  პირველი ეტაპის მეორე საფეხურზე იმყოფება“, – აცხადებს ალაფიშვილი.

კონსტიტუციონალისტი  ვახტანგ ხმალაძე კი  აცხადებს, რომ ახლა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით რა სახის კადრებსაც თვალს ვადევნებთ, ეს სამხედრო დანაშაული ნამდვილად არის. მისი თქმით, სრულიად აშკარაა, რომ რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს, თან იმ პირობებში, როცა ამ შენობების უშუალო სიახლოვეს არანაირი სამხედრო დანიშნულების სხვა ობიექტი და შენაერთები არ არის.

„ხდება ისეთი ობეიქტების დაბომბვა, რომელიც ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური წესებით აკრძალულია. ეს არის საავადმყოფო, სკოლა, საბავშვო ბაღი. როგორც ამბობენ, ასევე გამოყენებული იყო ვაკუუმური ბომბები, რაც აკრძალულია და  არაკონვენციურია. იყო კასეტური ბომბები, რომელთა გამოყენებაც ასევე აკძრალულია. შეუძლებელია ასეთი ბომბის სროლის დროს წინასწარ განისაზღვროს, თუ აფეთქების შემდეგ რას მოხვდება.

„კონვეციური და დასაშვებია ისეთი იარაღის გამოყენება, რომლის მოქმედების წინასწარ გათვლა შესაძლებელია. ამაში რაღაც კონკრეტული სამხედრო დანიშნულების ობიექტის განადგურება იგულისხმება. მშვიდობიან მოსახლეობაში უკვე მსხვერპლია და აგერ, სულ ბოლო მონაცემებით, სარაკეტო თავდასხმა ხარკოვის ადმინისტრაციულ შენობაზე მოხდა. ეს ხომ სამოქალაქო დანიშნულების ობიექტია.

„ასეთი შემთხვევების ერთობლიობა მთლიანობაში ქმნის ვითარებას, რომ სამხედრო დანაშაული სახეზეა. აღარაფერს ვამბობ თავად რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებზე, როდესაც პუტინი ბირთვული იარაღით მთელს მსოფლიოს ემუქრება“, – ამბობს ხმალაძე.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული ჰააგის სასამართლომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს.

„არაკონვენციური სამხედრო საშუალებების გამოყენება, ჩემი აზრით, პუტინის ბრძანების გარეშე ვერ მოხდებოდა. ეს ალბათ დასამტკიცებელი იქნება, ამიტომ ჩვეულებრივ, როცა ჰააგის სასამართლო სამხედრო დანაშაულებების შემთხვევებს იძიებს, იქ განიხილება იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლთა ბრძანებამაც ეს დანაშაული გამოიწვია. შესაძლოა ეს სახელმწიფოს მეთაური არ იყოს, იყოს რომელიმე სამხედრო დანაყოფის მეთაური. გააჩნია რა სახის დანაშაულებაზეა საუბარი.

„მასალები, რომელიც ჰააგის სასამართლოს  წარედგინება, ეს სხვადასხვა პირთა შესახებ დანაშაულს შეეხება. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პასუხისმგებლობის საკითხი ამ დანაშაულებებთან დაკავშირებით აუცილებლად დასმული იქნება“, – ამბობს ხმალაძე.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share