საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მეუღლე რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, უკრაინაში არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.
“გამარჯობა საქართველო! ძვირფასო დებო და ძმებო, მე აქ მადლობის სათქმელად მოვედი და რომ ქედი მოვიხარო თითოეულ თქვენის წინაშე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულს, ვინც უკრაინისთვის საბრძოლველად მოხალისედ ეწერება. ახლა ჩემი ქალიშვილი ბომბების ქვეშაა, არ შემწევს ძალა აღვწერო, თუ როგორ მძულს ის ქვეყანა, რომელიც ჩემს მიწაზე მოვიდა და უნდა რომ ის წაიღოს. ვინმეს თუ არ სჯერა რომ ჩვენ იქ გვკლავენ, მე შემიძლია სურათები ვაჩვენო ბავშვების, რომლებსაც ესვრიან.
ისინი არ არიან ადამიანები, ჩვენ ისინი ყველამ ერთად უნდა გავაჩეროთ. მე არ ვიცი რა გავაკეთო, რადგან არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ მხატვარი, შეიძლება არ შემიძლია ლამაზად საუბარი, თუმცა ჩემი ბავშვისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის მათ უბრალოდ გავხევ შუაზე…
მადლობა ყველას, რომ აქ დგახართ, მაგრამ ჩვენ იქ ვდგავართ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვისაც”,- თქვა უკრაინის ელჩის ცოლმა.