მართლაც, 1998 წლის ეკონომიკური კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია რუსეთის ისტორიაში. დეფოლტი მთავრობის მიერ 1996-1998 წლებში გატარებული მაკროეკონომიკური პოლიტიკით იყო გამწვავებული. მთავრობა ინფლაციის შეკავებას სახელმწიფო ბიუჯეტის ემისიურ დაფინანსებაზე უარის თქმითა და რუბლის გადაჭარბებული კურსის შენარჩუნებით ცდილობდა. ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შერწყმული იყო რბილ საბიუჯეტო პოლიტიკასთან, როცა სახელმწიფო სათათბირომ დაუსაბუთებლად გაბერილი ბიუჯეტი მიიღო.
კრიზისის გაჩენას ორმა გარე ფაქტორმაც შეუწყო ხელი. რუსული ექსპორტის მთავარ სექტორში, საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის საქონელზე მსოფლიო ფასები მკვეთრად დაეცა და მეორე: 1997 წლის შუა რიცხვებში კრიზისი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც დაიწყო, რამაც მალაიზიის, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ბირმის და ტაილანდის ეროვნული ვალუტების კურსი ჩამოშალა. ადგილობრივი ვალუტების კურსი 200-350%-ით დაეცა. ამ ვითარებაში რუსეთის პრემიერ-მინისტრ სერგეი კირიენკომ 1998 წლის ივლისში სახელმწიფო დუმას ეკონომიკისა და ფინანსების სტაბილიზაციის პროგრამა შესთავაზა, რაც სახელმწიფო ხარჯების მკვეთრ შემცირებას ეფუძნებოდა.
სახელმწიფო დუმამ ანტიკრიზისული პროგრამა ყოველგვარი გონივრული ალტერნატივის გარეშე უარყო. სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, ფედერაციის მთავრობამ და რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაუდებელი ზომები მიიღეს. 1998 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო ვალის ვალდებულებების ძირითად სახეობებზე ტექნიკური დეფოლტი გამოცხადდა. ამასთან, მთავრობამ დოლართან მიმართებით რუბლის სტაბილური კურსის შენარჩუნებაზე უარი განაცხადა, რასაც მანამდე, ცენტრალური ბანკის მასიური ინტერვენციებით, ხელოვნურად ახორციელებდა.
კრიზისის შედეგებმა სერიოზულად იმოქმედა ეკონომიკისა და მთლიანად, ქვეყნის განვითარებაზე. რუბლის კურსი, ექვს თვეზე ნაკლებ დროში, 3,2-3,5-ჯერ დაეცა. რუსული ბანკებისა და სახელმწიფოს, ასევე, ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობისა და უცხოელი ინვესტორების ნდობა შეირყა. მცირე ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრდა.
საბანკო სისტემა, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში კოლაფსში იმყოფებოდა. რამდენიმე ბანკმა გაკოტრება გამოაცხადა. გაკოტრებული ბანკების მეანაბრეებმა დაკარგეს დეპოზიტები, რუბლში მოსახლეობის დანაზოგი გაუფასურდა, დაეცა ცხოვრების დონე და უმუშევრობის შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაორმაგდა, მკვეთრად გაძვირდა უცხოური პროდუქცია. ამას დაერთო პოლიტიკური კრიზისიც: დეფოლტის შემდეგ მალევე გადადგნენ პრემიერ-მინისტრი, სერგეი კირიენკო და რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, სერგეი დუბინინი. ახალ პრემიერ-მინისტრად ევგენი პრიმაკოვი დაამტკიცეს, რომლის პირველი მოადგილეც კომუნისტი, იური მასლიუკოვი გახდა. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად ვიქტორ გერაშჩენკო დაინიშნა.
ამდენად, კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა შოკმა, რომელიც ეკონომიკამ რუბლის გაუფასურების გამო განიცადა, ასევე, მთავრობისა და ცენტრალური ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებამ, რაც ხელმძღვანელობის ცვლილებას მოჰყვა.
1997 წლის ბოლოდან სესხებზე და სახელმწიფო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთები სწრაფად მატულობდა და საფონდო ბირჟამ დაცემა დაიწყო. თუ 1997 წლის მე-3 კვარტალში მოკლევადიანი სახელმწიფო ობლიგაციების საშუალო შემოსავლიანობა 19% იყო, 1998 წლის II კვარტალში ის 49,2%-მდე გაიზარდა. ერთდღიანი სესხების განაკვეთი იმავე პერიოდში 16.6%-დან 44.4%-მდე გაიზარდა. ამ მოვლენებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ინვესტორების განწყობაზე, რამაც კაპიტალის გადინება და რუბლზე ზეწოლა გაზარდა.
სიტუაციის გამოსწორების მიზნით, რუსეთის ხელისუფლება სამთავრობო ვალდებულებების განაკვეთებს მუდმივად ზრდიდა, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან, კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისგან რეგულარული სესხების აღებას ცდილობდა. თუმცა ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები, კრიზისის მასშტაბებთან შედარებით, აშკარად არასაკმარისი იყო. ეკონომიკის რეალურმა სექტორმა, რომელიც, ასევე, სავალალო მდგომარეობაში იყო, ეფექტური დახმარება ვერ გასწია.
1998 წლის აგვისტოსთვის ხელისუფლებამ მოკლევადიანი სახელმწიფო ვალის დასაფინანსებლად და რუბლის კურსის შესანარჩუნებლად რესურსები დაკარგა. 1998 წლის 17 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ძირითად სახეობებზე ტექნიკური დეფოლტი გამოაცხადა. მოგვიანებით ცენტრალურმა ბანკმა, ფაქტობრივად, უარი თქვა რუბლის კურსის მხარდაჭერაზე. თუ 1998 წლის 15 აგვისტოს დოლარის ოფიციალური კურსი იყო 6,3 რუბლი, 1 სექტემბერს – 9,33 რუბლი, ხოლო 1-ელ ოქტომბერს დოლარის კურსმა 15,9 რუბლს მიაღწია.
დღეს რუსეთი დეფოლტის რეალური საფრთხის ქვეშაა. უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო, რუსეთს დასავლეთმა არაერთი სანქცია დაუწესა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე სხვადასხვა კომპანიები და ფიზიკური პირებიც. მაქსიმალურ დონემდე გაუფასირდა რუბლი ევროსთან და დოლართან მიმართებით. ამ ყველაფრის ფონზე, რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა ქვეყანას სასტიკ „კრიზისში“ ჩავარდნას და „სამჯერ გამრავლებულ“ 1998 წლის დეფოლტს უწინასწარმეტყველებს.
bpn.ge