“თუ “ნაცმოძრაობა” არ იქნება პარლამენტში, არც “რესპუბლიკელები” იქნებიან”- ამის შესახებ “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა:
“ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა მოგვანიჭეს რესპებს ორი მანდატი. 40 ათასი ხმა სჭირდება ორ მანდატს და ამდენი ამომრჩეველი ამჟამად რესპებს არ გვყავს. ცოტა ჩვენი მხარდამჭერების ხმებიც დაემატა ბლოკის ყულაბას. აბა მიშა და მისი პარტია პოლიტიკური ქველმოქმედები კი არ არიან, ბლოკში რომ რესპები მიიღეს და მიშა სააკაშვილი ხშირად გვახსენებდა რესპ კანდიდატებსაც და დამფუძნებლებსაც პოზიტიურად. პარტიამ მისი ორი კვალიფიციური ხელმძღვანელი ჩაწერა გამსვლელ სიაში. საარჩევნო კამპანიისას და განსაკუთრებით, დარღვევებზე მუშაობისას არჩევნების მერე თამარ კორძაიას ჯგუფმა რომ მაგრა იშრომა, ყველა ვხედავდით. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის ნების შესაბამისად, თუ არ იქნებიან ნაციონალი დეპუტატები პარლამენტში, პარლამენტში არ იქნებიან არც რესპუბლიკელი დეპუტატები. ამაზე უფრო გასაგებად თქმა შეუძლებელია. ჩვენ ვუფრთხილდებით სიტყვას და რეპუტაციას. ვისაც მშვიდად წაიკითხეთ, რაც აქ დავწერე. ასე იქნება. გასაგებია, რომ რესპუბლიკელების მიმართ ნეგატიურად განწყობილ აკვიატებულ ადამიანებს( ზოგი განსაკუთრებით მე რომ ვერ მიტანს, თურმე), ვისაც გაუცუდდა საჯარო პროგნოზი, არ ესიამოვნა ჩვენი თანმიმდევრულობა, პოლიტიკური და მორალური სიმართლე და ახლა ღობე-ყორეს ედება. არა უშავს. შეცდომა ადამიანურია. ნუ გაჯიუტდებით შეცდომაში. ეს სიბრიყვეა.”- წერს ბერძენიშვილი.