„უკრაინაში ომმა განმიახლა წარსულის ტრავმა“ — დემნამ Balenciaga-ს შოუ უკრაინას მიუძღვნა

მსოფლიოში ცნობილმა, წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე დღეს, 6  მარტს გამართული ჩვენება უკრაინაში მიმდინარე ომს მიუძღვნა.

დემნამ შოუ გახსნა უკრაინელი პოეტის, ოლექსანდრ ოლესის 1917 წელს დაწერილი ლექსით „იცოცხლე უკრაინა“.

Balenciaga-ს ჩვენებაზე მისულ სტუმრებს სკამებზე უკრაინის დროშა და დემნა გვასალიას ემოციური მიმართვა დახვდათ, სადაც ის თავის პირად ტკივილზე და ომის საშინელებაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამ მიმართვის სრულ თარგმანს.

„უკრაინის ომმა განმიახლა წარსულის ტრავმა, რომელსაც ვატარებ 1993 წლიდან, როცა ჩემს მშობლიურ ქვეყანასაც მსგავსი რამ დაემართა და მე სამუდამოდ ლტოლვილად ვიქეცი. სამუდამოდ, რადგან ეს ისეთი რამ არის, რაც მუდმივად შენთან რჩება. შიში, სასოწარკვეთა და იმის გაცნობიერება, რომ არავის სჭირდები. მაგრამ მე ასევე გავაცნობიერე, რომ ცხოვრებაში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის თავად სიცოცხლე, ადამიანური სიყვარული და თანაგრძნობა.

სწორედ ამის გამო იყო ჩემთვის განსაკუთრებით რთული მიმდინარე კვირას ამ შოუზე მუშაობა. მოდის კვირეული თითქოს გარკვეულ აბსურდს ჰგავს. გარკვეული მომენტში ვფიქრობდი ამ შოუს გაუქმებას, რომელზეც მე და ჩემმა გუნდა თავდაუზოგავად ვიშრომეთ, მაგრამ მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ შოუს გაუქმება ნიშნავს დანებებას, ბოროტებაზე დამორჩილებას, რომელიც 30 წელია მაზიანებს. გადავწყვიტე, რომ არ ვაპირებ, ჩემი ნაწილი მსხვერპლად შევწირო ამ უაზრო, უგულო ეგოს ომს.

ამ შოუს ახსნა არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, წინააღმდეგობას, ასევე, სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას.

დემნა.“

დემნას არაორდინალურ და უჩვეულო ჩვენებას მსოფლიო მოდის კრიტიკოსები ტვიტერზე შთამბეჭდავს უწოდებენ.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ მოდის კრიტიკოსმა ვანესა ფრიდმანმა დემნას მიმართვა ტვიტერზე გამოაქვეყნა და ფოლოვერებს მისი სრულად წაკითხვა ურჩია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share