გამოჩენილი ბოლშევიკი და დიპლომატი ალექსანდრა კოლონტაი აღნიშნავდა: ,,გურული გლეხი ქალები სოფლის თავყრილობებზე ქუთაისის გუბერნიაში რეზოლუციებს იღებდნენ, რომლებშიც მამაკაცებთან პოლიტიკურ თანასწორობას მოითხოვდნენ”.
ცნობილია, რომ მრუშობაში შემჩნეულ ქალებს თავად მანდილოსნები ამხელდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ. ,,იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ცოლები მეტ აქტივობას იჩენდნენ, ვიდრე ქმრები. ქალები სასტიკად იცავდნენ და ასრულებდნენ კომიტეტის ყოველგვარ განკარგულებას.”
ედუარდ იუონი წერდა მათ შესახებ: ,,ოჯახში ქალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, თავის ოთხ კედელს შორის იგი სრული მბრძანებელია, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც არაფრით დგას მამაკაცზე უკან – თვით კონსერვატიულ წრეებშიც კი, რომლებიც ახალ სოციალურ იდეებს არ თანაუგრძნობენ. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ ეს ხალხი მუდამ მაჰმადიანებით გარშემორტყმული ცხოვრობდა და ახლაც მათი უშუალო მეზობელია.”
ექვთიმე თაყაიშვილი იოსებ მეგრელიძესთან საუბარში ყვებოდა, რომ როცა გურიაში ოსმალები შემოიჭრებოდნენ ხოლმე ,,ქალის კივილი და კაცების გარეთ გამოცვენა ერთი იყოო.”
სოფელ ვანისქედში სირაძის ქალი ყოფილა – მაკივარი. მისი ხმა თურმე ასკანაში ისმოდა და მეორე მხრივ კი ჭაჭიეთ-ბასილეთში; ყველა მტერს დაედევნებოდაო!
ირაკლი მახარაძე.