რუსული ნავთობი და გაზი რუსულ ხომალდს უკან მიჰყვება – „უნიანი“

რუსეთი, რომელიც თავისი ნავთობით და გაზით ტრაბახობდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი აგრესიის გამო მსოფლიო რუსული ენერგომატარებლების შეძენაზე უარს ამბობს. ეს იქნება პუტინის იმპერიის წინააღმდეგ განხორციელებული უძლიერესი დარტყმა. რა ელის რუსეთს, ამაზე სტატიას „უნიანი“ ავრცელებს.

უკრაინაზე რუსეთის ბარბაროსული აგრესიის დაწყების შემდეგ მსოფლიო მალე დაივიწყებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ოდესღაც მთელ მსოფლიოს მნიშვნელოვან რესურსებს – ნავთობს, გაზს და ქვანახშირს აწვდიდა. ამის მაგივრად კაცობრიობას კიდევ ბევრი ათწლეულის განმავლობაში ემახსოვრება, როგორ დაღვარა რუსეთმა სისხლი უკრაინაში და უკრაინელებს ამდენი ტანჯვა მოუტანა.

ენერგომატარებლების ექსპორტი უკრაინის აგრესიული მეგობრის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია და მეორე ადგილზეა ნედლი ნავთობის მოპოვების მხრივ. სანქციები ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ ქვეყნის ეკონომიკაზე და ვლადიმერ პუტინის ქვეშევრდომების ქონებაზე უძლიერესი დარტყმა იქნება.

უკრაინის „მომავლის ინსტიტუტის“ დირექტორმა ანატოლი ამელინმა დაითვალა, რომ 2021 წელს რუსეთის შემოსავალმა ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან 70 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთის მთელ ექსპორტში ნავთობისა და გაზის წილი 56%-ს შეადგენს. შესაბამისად, დემოკრატიული სამყაროს დარტყმა რუსეთზე უკრაინის წინააღმდეგ ომის საპასუხოდ რუსეთის ეკონომიკისთვის ძალზე მტკივნეული იქნება. ამას მალე რუსეთის თითოეული მოქალაქე იგრძნობს, რომლებიც ჯერჯერობით ენდობიან საკუთარ პროპაგანდას და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მხარს უჭერენ.

„რუსეთის ფედერაციის მოძველებული ეკონომიკისთვის სწორედ ნავთობის და გაზის სექტორი ყველაზე სუსტი წერტილია“, – წერს ამელინი.

დემოკრატიული სამყარო აგრესორის ენერგეტიკაზე დარტყმას ახორციელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 8 მარტს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთიდან ნავთობის, გაზის და ნებისმიერი სხვა ენერგორესურსის შეძენას წყვეტს. ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აშშ-ს პუტინის ომის სუბსიდირება არ სურს.

თეთრმა სახლმა თავის კომპანიებს რუსეთში ენერგორესურსების მოპოვებაში ინვესტიციების განხორციელებაც აუკრძალა, რაც ამ ქვეყანას ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიულ შესაძლებლობას ამცირებს. აშშ-ის შემდეგ გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმაც მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეწყვეტს.

მასიური წასვლა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი აგრესორების აღვირახსნილი საქციელით გაოცებულმა მსოფლიოს ენერგეტიკულმა გიგანტებმა აგრესიულ და ცრუ ქვეყანასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა დაიწყეს.

კომპანიებმა Shell და British Petroleum-მა, ასევე, რუსულ ნავთობზე და გაზზე უარი განაცხადეს და რუსეთში ავტოგასამართი სადგურების დახურვა დაიწყეს. Exxon Mobil-მა რუსეთში ნავთობის და გაზის მოპოვება, ასევე, შეწყვიტა, ხოლო იტალიურმა კომპანია  Eni-მ რუსეთიდან ნავთობის შეძენაზე უარის შესახებ განაცხადა.

გერმანულმა კომპანია Uniper-მა, რომელიც „გაზპრომის“ დიდი ხნის პარტნიორია, რუსეთთან დაკავშირებით თავისი ბიზნესის კარდინალური გადახედვის შესახებ განაცხადა. კომპანიამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმო და „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენში ფინანსური მონაწილეობა გააუქმა, რომელიც დაახლოებით 1 მლრდ ევროს შეადგენდა.

ასევე, კომპანიის გადაწყვეტილებით რუსეთთან ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტები აღარ გაფორმდება.

პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ უკვე გარანტირებულად აღარ ამუშავდება. მასში მილიარდობით დოლარი იყო დახარჯული, მაგრამ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, ეს პროექტი „ზღვის ფსკერზე ლითონის ნაჭერი გახდა“.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს ენერგორესურსების ახალი ბაზრების მოძიება გაუჭირდება ან სულაც ამას ვერ შეძლებს, რადგანაც ცივილიზებულ სამყაროს არ სურს დააფინანსონ პუტინის მანიაკალური ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ევროპის დასჯა სიხარბის და მიამიტობის გამო

ევროპელი პოლიტიკოსები ბოლო მომენტამდე რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარს ამბობდნენ, რადგანაც ზამთარში თავისი მომხმარებლების საწვავის გარეშე დატოვების ეშინოდათ.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის მრავალი ქვეყანა ნებსით თუ უნებლიეთ კრემლის კორუფციული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას აღრმავებდნენ. მათ ეს მოგებიან საქმიანობად მიაჩნდათ, ხოლო, როდესაც უკრაინა რუსეთის მიერ ენერგეტიკის პოლიტიკურ მიზნებში გამოყენებაზე ყურადღებას ამახვილებდა, მიამიტურ გამომეტყველებას იღებდნენ და სხვადასხვა გამართლებას პოულობდნენ.

ამან კი იქამდე მიგვიყვანა, რომ 2021 წელს რუსული გაზის წილი ევროკავშირის ბაზარზე თითქმის ნახევარი შეადგინა – 155 მლრდ კუბური მეტრი. ნავთობის წილი კი 1/3 -ს შეადგენდა.

ექსპერტები მოუწოდებდნენ ევროპას და გერმანიას, როგორც ენერგიის ყველაზე დიდ მომხმარებელს ევროპაში, რომ მან ენერგორესურსების დივერსიფიცირება მოახდინოს.  მაგრამ პირადი ინტერესები და ევროკავშირის მშვიდ და კომფორტულ ცხოვრებაში რაიმე დიდი რყევების შეტანის სურვილის არარსებობა, მას ცუდად მოუბრუნდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ევროპაში გაზის ფასმა „კოსმოსურ სიმაღლეებს მიაღწია“.

ათასი კუბური მეტრის ფასი 3 ათას აშშ დოლარამდე ავიდა, ხოლო მისი რაოდენობა არ გაზრდილა. ნავთობის 1 ბარელის ფასი, თავის მხრივ 90-დან 120 დოლარამდე გაიზარდა.

ახალი რეალობები ილუზიების გარეშე

„არავის აღარ აქვს ილუზიები. რუსეთის მიერ საკუთარი ენერგორესურსების, როგორც  ეკონომიკური და პოლიტიკური იარაღის გამოყენება, აჩვენებს, რომ ევროპამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა მომდევნო ზამთრამდე რუსული გაზის მიწოდების საკითხში გაურკვევლობა წინასწარ იყოს გადაწყვეტილი“, – განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიხ ბიროლმა.

ევროკავშირის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე უარის თქმას ითვალისწინებს, წელს მისი მოხმარების 1/3-ით შემცირებას გულისხმობს. ევროპელები გაზის ჩანაცვლებას სხვა ქვეყნებიდან მიღებული გაზით და სუფთა ენერგიით აპირებენ.

„ევროპამ მალე უნდა შეამციროს რუსეთის დომინანტური როლი საკუთარ ენერგეტიკულ ბაზარზე და ალტერნატივები გამონახოს“, – ამბობენ ევროპელი ჩინოვნიკები.

რა თქმა უნდა, მოხმარებული ენერგიის 50%-ის ჩანაცვლება მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს საკმაოდ რეალური ამოცანაა. რა თქმა უნდა, გაზის და ნავთობის მილსადენების წამში გათიშვა შეუძლებელია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროკავშირი რუსეთისგან ნავთობს და გაზს სურსათის სანაცვლოდ მიიღებს.

ბიგ მაკის და კოკა-კოლას გაქრობით შეშინებული რუსეთის მოქალაქეები დროებით მიიღებენ ევროპულ საკვებს ენერგორესურსების სანაცვლოდ. მაგრამ ეს „ქეიფი“ დიდხანს არ გაგრძელდება.

რუსული ენერგორესურსების შეძენაზე უარის თქმის პარალელურად ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები აშშ-მა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა ენერგორესურსების მოპოვება უნდა გაზარდონ და თანდათან მსოფლიო ბაზრიდან რუსული ნავთობი საერთოდ განდევნონ.

„რუსულ გაზზე უარის თქმა ევროპისთვის უფრო რთული იქნება, ვიდრე ნავთობზე, იქ საკმაოდ რთული ლოჯისტიკაა. ნავთობის ტრანსპორტირება კი ტანკერებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება. ასე რომ რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიოსთვის ისეთი მტკივნეული არ იქნება, მაგრამ ძალზე მტკივნეული იქნება რუსეთისთვის. რუსეთზე ზემოქმედების ერთადერთი გზა უნდა იყოს ნავთობპროდუქტების სრული ემბარგო. არა ნაწილობრივი წერტილოვანი, არამედ სრული, მთლიანი აკრძალვა“, – ამბობს უკრაინის მომავლის ინსტიტუტის დირექტორი ანატოლი ამელინი.

რა თქმა უნდა, მომდევნო თვეებში მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე რადიკალური ცვლილებები ნავთობის და გაზის გაძვირებას გამოიწვევს და მომხმარებელი ამას საკუთარ თავზე იგრძნობს, მაგრამ ეს იქნება მშვიდობის, თავისუფლების და სამართლიანი საბაზრო ურთიერთობების ფასი და არა კორუმპირებულ და ცრუპენტელა რუსეთთან ურთიერთხელსაყრელი თანაცხოვრების გაგრძელება.

ევროკავშირისთვის საკმაოდ რთული იქნება მომავალი ზამთრისთვის მომზადება და თავისი გაზის საცავების შევსება, თუ რუსულ გაზზე უარს საბოლოოდ იტყვიან, უკრაინამ, მაგალითად, რუსულ გაზზე ჯერ კიდევ 2014 წელს თქვა უარი.

მაგრამ ეს იძულებითი ზომაა, რომელიც მომავალში გაჯანსაღებულ სავაჭრო ურთიერთობებს მოგვცემს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთმანეთის სუვერენიტეტს და დემოკრატიულ არჩევანს პატივს სცემს. ხოლო კაცობრიობის მტერი დამსახურებულად დაისჯება.

მაგრამ მათ პირველებმა დაიწყეს!

pia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share