ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელიმ გამოცემა EL PERIÓDICO-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ითხოვენ ფრენებისთვის აკრძალულ ზონას, ეს გულისხმობს შესაძლებლობას და სურვილს მოხდეს რუსეთის თვითმფრინავების ჩამოგდება.
„ეს ნიშნავს კონფლიქტის მესამე მსოფლიო ომში გადაზრდას და ცხადია, ჩვენ ამის გაკეთება არ გვსურს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დავეხმაროთ მას და არ აღმოვჩნდეთ საომარ ვითარებაში და არ გავხდეთ კონფლიქტის ნაწილი. სანქციებს არ შეუძლია ომის სწრაფად შეჩერება. თუმცა, შეუძლია რუსეთის ეკონომიკის შესუსტება და ეს ძვირად დაუჯდება რუსეთს. ჩვენ გვრჩება ენერგორესურსების იმპორტის საკითხი, მაგრამ ვაპირებთ მის მაქსიმალურად სწრაფად შემცირებას“, – განაცხადა ბორელიმ.
კითხვაზე, შეძლებს, თუ არა პუტინი ამ ომის მოგებას, უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ეგონა, უკრაინა სუსტი იყო და რამდენიმე დღეში დანებდებოდა.
„უკრაინა წინააღმდეგობას უწევს და ჩვენ რითაც შეგვეძლება, ყველაფრით დავეხმარებით, მათ შორის, სამხედრო საშუალებებით, რუსეთზე დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციებით, რათა შევძლოთ მისი საერთაშორისო იზოლირება“, – განაცხადა ბორელიმ.
კითხვაზე, ხედავს თუ არა რუსეთში შიდა ბუნტის შესაძლებლობას, რაც შეიძლება რუსეთის საერთაშორისო იზოლაციამ გამოიწვიოს, ბორელმა უპასუხა, რომ მათი მიზანია საერთშორისო კანონმდებლობის პატივისცემა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულება, რაც უკრაინელი ხალხის გაუმართლებელ ტანჯვას იწვევს.
„რაც რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში ხდება, ეს რუსების საქმეა. ჩვენ არ ვამყარებთ სანქციებს რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებაზე, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენი სანქციებით ვსჯით ოლიგარქებს, რომლებიც წარმოადგენენ საფუძველს პუტინის პოლიტიკურ მხარდაჭერაში. ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ომი, არ გვინდა ვავნოთ რუს ხალხს, არამედ გვსურს დავასუსტოთ პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რაც უკრაინაში ხდება“ , – განაცხადა ბორელიმ.