ბუნკერში ზის და თავის გენერლებზე ბრაზობს…ვფიქრობ, რამდენიმე დღეში გამარჯვებას ვიზეიმებთ – ბუბა კიკაბიძე პუტინის ომზე უკრაინაში

ბუნკერში ზის და თავის გენერლებზე ძალიან ბრაზობს, რადგან მათ უთხრეს რომ უკრაინაში შესვლის შემთხვევაში რუსეთის ჰეგემონიას უცებ დაამყარებდნენ – ამბობს მომღერალი ბუბა კიკაბიძე პუტინზე და მის მიერ წამოწყებულ ომზე უკრაინაში.

ქართველ მომღერალთან ინტერვიუ უკრაინულმა მედიამ ჩაწერა. კიკაბიძე პუტინს სატანად მოიხსენიებს და ამბობს, რომ უკრაინა იბრძვის გმირულად და ის უკვე გამარჯვებულია:

“უკრაინელები გმირები არიან. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა გაერთიანდნენ. ძალიან კარგი პრეზიდენტი ჰყავთ. მე ის ძალიან მიყვარს. გაუფრთხილდით მას. გულწრფელად მინდა ვუთხრა რომ უკრაინამ უკვე გაიმარჯვა, იმარჯვებს და გაიმარჯვებს. ამაში ეჭვიც არ მეპარება. რაც შეეხება სატანას, ვნახოთ რა ბედი ელოდებათ” – ამბობს კიკაბიძე

კიკაბიძის თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც პუტინს უკრაინაში შეჭრა ურჩია და პირველ რიგში თავად პუტინი. ის გამოეხმაურა რუსეთის პირველ არხზე, რუსი ჟურნალისტის პროტესტს, რომელმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერი პირდაპირ ეთერში გაშალა.

კიკაბიძე ასევე ამბობს, რომ ეს ომი დასავლეთის ფსიქოლოგიას შეცვლის:

“ვფიქრობ რომ ეს ომი დასავლეთის ფსიქოლოგიას შეცვლის. ეს უკვე იგრძნობა. ადამიანები ცხოვრების წესს შეიცვლიან. ვერ ვიძინებ. სულ ტელევიზორს ვუყურებ და თვალს ვადევნებ. უკრაინამ დაამტკიცა რომ სამშობლოსადმი სიყვარულის გამო ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია და ისინი გაიმარჯვებენ…

ვფიქრობ რომ რამდენიმე დღეში გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ. დაე იცოცხლოს თავისუფალმა უკრაინამ და უკრაინელმა ერმა. დიდება გმირებს დიდება უკრაინას” ამბობს კიკაბიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share